CNN Türk: რუსეთი თურქეთს დახმარებას სთხოვს
რუსეთის ფედერაციამ თურქეთს დახმარება სთხოვა სირიის ტერიტორიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანაში, – ამის შესახებ CNN Türk წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ახლა მოსკოვი ეძებს გზას და დახმარებას ანკარისგან მისი ჯარების ნაწილის უსაფრთხო გაყვანასთან დაკავშირებით.
„როგორც ჩანს, ჯარებს გადაიყვანენ თურქეთის სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ თვითმფრინავით გადაიყვანენ რუსეთში. რუსეთმა ითხოვა ეს დახმარება, რათა უსაფრთხოდ გაეყვანა თავისი ჯარები სირიიდან“, – წერს მედია.
ცნობისთვის, სირიის ანტისამთავრობო ძალებმა 27 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მასირებული შეტევა დაიწყეს და 1 დეკემბერს ქალაქი ალეპო დაიკავეს. შემდეგ მათ შეტევა გააგრძელეს და ქალაქები ჰამა და ჰომსიც აიღეს.
8 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო ძალები უკვე დამასკოს ცენტრში იმყოფებიან. როგორც სირიის ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელმა ჰადი ალ-ბაჰრამ განაცხადა, ასადის რეჟიმი დაეცა და „სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა“.