პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძელზე, ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ.-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ