მამუკა მდინარაძე: ჩვენი გუნდი ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში და ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება მოდიოდეს ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან
„ჩვენი გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებებში, ყველამ ზუსტად იცის და ჩვენს მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ზუსტად იცოდნენ, რომ ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც, 16-20 დეკემბრის მოვლენები დავაზღვიეთ, დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, პირთა ჯგუფისგან თუ სხვა ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან. დღეს გახმოვანდა რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი, რომ მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც საკუთარი პირით აღიარა, რომ ახალ წლამდე თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც უნდა მოასწრონ. მგონი, ერთი ფრაზა გამორჩა ყველას, პირველი ფაზის გადალახვა, მეორე ფაზაში არ იგულისხმება, ალბათ ამას ყველა ხვდება. ამაზე გვქონდა ბევრი მსჯელობა და გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.