„ტელეიმედის“ განცხადება
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ,,ტელეიმედის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ. სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფი მოუწოდებს ,,იმედს“, ხშირად მუქარის ფორმითაც, რომ ტელეკომპანიამ სხვაგვარად წარმართოს თავისი ეთერი.
შეგახსენებთ, რომ ,,ტელეიმედი“ არის კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ობიექტური სარედაქციო პოლიტიკა, და შესაბამისად, მაყურებლის მაღალი ნდობისა და რეიტინგის შენარჩუნება.
ტელეარხი ამ ამოცანას ზედმიწევნით კარგად ასრულებს. მაყურებლის მხრიდან მაღალი ნდობა განაპირობებს იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტელეკომპანია ,,იმედი“ ქართული ტელესივრცის უპირობო ლიდერია. დღეს ჩვენი არხის რეიტინგი მომდევნო ოთხი არხის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.
სწორედ მაღალი ნდობა და რეიტინგია ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ოპონენტებს ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში მოხვედრის და გამოჩენის სურვილი ეზრდებათ. ეს ნდობა და რეიტინგი ასევე გამოწვეულია იმით, რომ ტელეკომპანია ,,იმედს“ აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებში სწორედ ჩვენ ვწყვეტთ, ვის მოვიწვევთ და ამ მოცემულობის შეცვლას არ ვაპირებთ.
მიუხედავად ჩვენი კომპანიის მიმართ არაერთი მადისკრედიტირებელი, ცილისმწამებლური განცხადებისა და შეურაცხყოფის ფაქტებისა, ტელეკომპანია ,,იმედი“ იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული. ჩვენ ვამაყობთ იმ როლით, რომელიც ვითამაშეთ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მაშინაც, როცა ვაშუქებდით ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილი ნაცმოძრაობის ავტორიტარული რეჟიმის დანაშაულებს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და ახლაც, როცა ჩვენს მაყურებელს ვაცნობდით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროცესს. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასევე ჩვენი ეთერიდან შეიტყობს.
აქვე „ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს, არ დატოვონ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური შეტევა, ბულინგი, შეურაცხყოფა და სიძულვილის ორგანიზებული კამპანია.
„ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებზე ზეწოლა და ბულინგი რადიკალური ოპოზიციის, მათთან აფილირებული მედია და NGO ორგანიზაციების მხრიდან ყველანაირ ზღვარს სცდება.
არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობები, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქებისას ხელის შეშლა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვის კამპანია და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ბოლშევიკური მეთოდებით განსხვავებულ აზრთან ბრძოლა. ამ ქცევას საერთო არაფერი აქვს არც დასავლურ დემოკრატიასთან და არც ცივილიზებულ სამყაროსთან.