მამუკა მდინარაძე: მიმდინარე კვირაში პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს
მიმდინარე კვირაში პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს, – განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან კვირის ყველაზე აქტუალური საკითხები მოკლედ მიმოიხილა.
„ჩვენ გავიარეთ მიმდინარე საკითხები. 20-ზე მეტი საკითხი იქნება, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ძალიან მოკლედ მოვყვები.
1. საარჩევნო კოდექსი – შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც დაჩქარებული წესით კანონს მივიღებთ, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დაცვით, რა წესითაც ჩატარდა 2017-ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით.
2. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხი საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას.
3. ჩვენ გვაქვს ცვლილებების პაკეტი, უკვე ცნობილი, რომელიც ეხება პიროტექნიკის გამოყენების, შეძენის, შენახვის რეგულაციის გამკაცრებას. მიმდინარე დღეები ცხადყოფს, რომ ეს აუცილებელი ცვლილებაა და იმავე პაკეტში ხვალ-ზეგ დავაყენებთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, კანონდარღვევად ჩაითვლება ნიღბის ტარება ისეთი შეკრებების დროს, როგორიც დღეს თბილისში ხდება.
4. შემდეგი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ბიუჯეტისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება. სიგარეტისა და IQOS-თვის გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც IQOS-ის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრის ოდენობის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება ხუთი პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს როგორი საგადასახადო რეგულაციაც აქვს, იმავე იქნება ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. ეს ბიზნესი მსგავსი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო და ახლა, იმისათვის, რომ შემცირდეს ეს რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ხოლმე, ზოგ შემთხვევაში სავალალოდაც სრულდება ხოლმე. სხვა სახის გადაწყვეტამ მაინც და მაინც ისეთი შედეგი არ მოგვცა, ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
5. საქართველოს პარლამენტი ასევე დაუშვებს იმ მოცემულობას, როდესაც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება ექნებათ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 7-ზე მეტი წევრი ეყოლებათ და შესაბამისად, „ხალხის ძალის“ ინიციატივას ჩვენ დავეთანხმეთ და მათ ან ნებისმიერ სხვას, ვინც შემოსვლას გადაწყვეტს, ექნებათ საშუალება, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი.
6. ბოლო პერიოდის ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, შევცვალოთ მიმდინარე ბიუჯეტი, შევიტანოთ ცვლილებები 2024 წლის ბიუჯეტში და ხარჯვითი ნაწილი გავზარდოთ, რადგან საშემოსავლო ნაწილია გაზრდილი. ჩვენ ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, – განაცხადა მდინარაძემ.