ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დაცემის შემთხვევაში პუტინი დაბრუნდება სირიაში, აფრიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სირიაში ასადის რეჟიმი დაეცა, რადგან რუსული ჯარები უკრაინაში იმყოფებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ასადის რეჟიმი დაეცა. რატომ? იმიტომ, რომ იქ რეალური რუსული ძალები აღარ არიან. მოდით, ვიყოთ გულწრფელნი. ეს არა მხოლოდ აჯანყებულთა ძალებისა და მათი მხარდამჭერების გამო მოხდა, არამედ იმიტომაც, რომ იქ რეალური რუსული ჯარები აღარ არიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაახლოებით 800 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.

„ეს ნიშნავს, რომ ფსევდო-იმპერიის მთელი არმია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. იგივე ხდება აფრიკაშიც. ჩვენ ვიცით, რომ იქ „ვაგნერელები“ იყვნენ““, – აღნიშნა ზელენსკიმ

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დაცემის შემთხვევაში „პუტინი დაბრუნდება სირიაში, აფრიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში“. ამის თავიდან ასაცილებლად, ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის გარშემო.

ასევე იხილეთ