ჩეხეთის პრემიერი: ძლიერი ამერიკა პუტინის შეჩერების ერთადერთი შანსია
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მიიჩნევს, რომ ევროპა აშშ-სგან ძალის დემონსტრირებას მოითხოვს, რათა რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიული ნაბიჯები შეაჩეროს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა აღმოჩნდა „ძალიან რთულ და საშიშ სიტუაციაში, რომელსაც ზოგი სამართლიანად უწოდებს მეორე ცივ ომს“.
„ჩვენს ინტერესებშია, გვყავდეს ძლიერი ამერიკა, რომელიც რუსეთს თავის ძალას აჩვენებს, რადგან ეს პუტინის შესაჩერებლად ერთადერთი შანსია“, – განაცხადა მან.
ფიალამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება მისაღები უნდა იყოს თავად უკრაინისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება 1938 წლის „კიდევ ერთი მიუნხენის შეთანხმება“.
„ევროპის უსაფრთხოება უბრალოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი, როდესაც რუსეთმა უკრაინის ნაწილი დაიპყრო და აგრესიას აგრძელებს. მე არ მჯერა დამშვიდების პოლიტიკის – ის ყოველთვის მომგებიანია აგრესორისთვის, ყოველთვის“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ის ასევე დაეთანხმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნას თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გააძლიერონ სამხედრო შესაძლებლობები და დახმარება უკრაინისთვის.
„ჩვენი უსაფრთხოება სამუდამოდ ვერ იქნება დაფუძნებული აშშ-ის მზაობაზე, დაიცვას ევროპა. ჩვენ უფრო დიდი როლი უნდა ვითამაშოთ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ“, – განაცხადა ფიალამ.