თინათინ ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ესაუბრება მოქალაქეებს, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება მხარე, მნიშვნელოვანია, დასრულდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა და ბულინგი

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ესაუბრება მოქალაქეებს, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება მხარე, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ზეწოლა და ბულინგი დასრულდეს”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელსაც უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება. მნიშვნელოვანია, ყველამ შეიკავოს თავი და ჟურნალისტებზე ზეწოლა, ბულინგი დასრულდეს, რადგან მაუწყებელი არის ის მედიასაშუალება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანგებო ეთერი დაეთმობა იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის სურვილი აქვთ.

„რაც შეეხება შეთანხმებას, ბატონმა ვახუშტი მენაბდემ გააჟღერა ეს შეთანხმება სრულიად მწყობრად. ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში. 22:00 საათზე ჩვენი საეთერო დრო ყოველთვის დაეთმობა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის სურვილი. ეს იქნება პარიტეტული დრო. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები, თუ ვინ იქნება საკონტაქტო პირი, ვინ მოვა სტუმრად და ასე შემდეგ. ასევე, ჩვენი შეთავაზება, რომ გაიმართოს ერთგვარი დისკუსია, კვლავ რჩება ძალაში და თუ ამის მზაობა იქნება, ვისაუბრებთ უკვე პირდაპირ ეთერში“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

ასევე იხილეთ