ოთარ გრიგოლია ზურაბიშვილსა და სააკაშვილზე: დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ ჩვენს დიპლომატებს, რომ ტრამპი დაარწმუნონ იმაში, რომ ჩვენ არც ისეთი არასერიოზული ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პირველი პირები წარმოაჩენდნენ
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, გადაცემაში „იმედი LIVE ქვეყანაში პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა.
„ტრამპი ჯერ ხომ საქართველოში ჩამოვიდა და ნახა სააკაშვილი ვინ იყო, მერე ნახა სალომე ზურაბიშვილი და ალბათ ჩვენზე კარგი წარმოდგენის არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ ჩვენს დიპლომატებს, რომ აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია და ბატონი ტრამპი დაარწმუნონ, იმაში, რომ ჩვენ არც ისეთი არასერიოზული ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პირველი პირები წარმოაჩენდნენ. ის, რაც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, ქვეყნის პრეზიდენტის და პირველი პირის საქციელი ნამდვილად არ არის. ეს იყო აბსოლუტური უპატივცემულობა როგორც ინსტიტუტის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ღირსების“, – აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.