მამუკა მდინარაძე: მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად კუბო და დაწვეს, რატომ ხდება ეს – იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას

“უნდა დაიგმოს მხოლოდ ნაცზე თავდასხმა, ნაცის დაზიანება, ხოლო პოლიციელების, სახელმწიფოს წარმომადგენლის დაწვა პიროტექნიკით, ქვებით თავის გატეხა – ეს არაფერია. როგორც ჩანს ეს აუცილებელი რაღაცაა რევოლუციისთვის, მაიდანისთვის”, – განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„განსაკუთრებით უმორალოა ის სცენა, რაც აკერმანისეულ თუ რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოში წერია ყველგან და რაც 2003 წელს გააკეთეს. ყველას გვახსოვს კადრებით 2003 წელს კუბო რომ ჩამოატარეს, მაიდნის დროს უკრაინაშიც კუბო ფიგურირებდა. გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს, მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად კუბო და ეს დაწვეს. რატომ ხდება ეს – იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. რატომ გამოჰყავთ ხშირად წინა პლანზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. როცა კანონის ჩარჩოში იქცევა ადამიანი, ჩვენ არაფერს ვერჩით, არაფერში გვაინტერესებს, ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს, მაგრამ რატომ არიან ძირითადად ბრძოლის წინა ხაზზე ასეთი ადამიანები, რატომ წვავენ კუბოს მაინც და მაინც მაცხოვრის გამოსახულებით ასე დემონსტრაციულად, რატომ იღებენ ასეთი სატანისტური დამოკიდებულების მიდგომით გადაწყვეტილებებს, რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს რატომ უხდენენ რეალიზებას. იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე. ეს შემთხვევითი არ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ