მამუკა მდინარაძე: ოდნავ გულწრფელი თუ ხართ, რატომ არ კითხულობთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს პოლიციელების დასისხლიანება?
“ოდნავ გულწრფელი თუ ხართ, რატომ არ კითხულობთ როდემდე უნდა გაგრძელდეს პოლიციელების დასისხლიანება?”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რატომ არ ხდება პოლიციელებზე სამართლებრივი რეაგირება.
მამუკა მდინარაძის თქმით, არ უნდა გაგრძელდეს არც პოლიციელის და არც მომიტინგის დასისხლიანება.
“არცერთი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ახლა ასეთი რაღაც რომ მოხდეს, მე თავს დაგესხით, დაგიწყეთ ცემა, მერე თქვენც შემომიბრუნეთ ხელი, დავსისხლიანდით ორივე და რომ გკითხონ მერე, როდემდე უნდა გაგრძელდეს მამუკა მდინარაძის დასისხლიანება.
მე დაგესხით თავს, დაგასისხლიანეთ, თქვენ ხელი შემომიბრუნეთ, მეც დავსისხლიანდი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი დასისხლიანება მარტო? პოლიციელი რომ დასისხლიანდა და წარუშლელი „შრამები“ რომ აქვთ სახეებზე პოლიციელებს?
შეგიძლიათ მიპასუხოთ ვისგან მომდინარეობს ძალადობა, ვინ იწყებს?
რომელიმე შემთხვევა რომელიმე დღეს თუ მომხდარა, როცა პოლიცია არ დაზიანებულა, თავი არ გასტეხია, სახეში პიროტექნიკა არ მოხვედრია, ცეცხლი არ გაუხსნიათ მათთვის და ასე დაეწყოთ ან გაზის სროლა, ან შეტევაზე გადასვლა. ერთი შემთხვევა, რომელიმე დღეს ასეთი იყო?”, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.