მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მთავრობას, პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა
„ჩვენ არაფერი არ გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის. საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არც ერთი შეხვედრის მიზანი ახალი პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმაციის მოპოვება არ არის.
„ჩვენ არაფერი არ გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის. საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა. ამ შეხვედრით ლეგიტიმაციას ვერც მოვიპოვებთ და არც ვეძებთ. ეს არ არის მიზანი არავისთან შეხვედრის, რომ ლეგიტიმაცია მოვიპოვოთ. ეს ლეგიტიმაცია 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ის მთავრობა, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ასე რომ, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, იძულებულები იქნებიან, შეეგუონ იმ რეალობას, რომელიც არის საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ”, – განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო მასშტაბით არიან ადამიანები, ძალები, რომლებიც ზოგადად ებრძვიან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.
„ებრძვიან სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს მთავრობა, მთავრობას, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები, მინისტრები. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ქმედებები, რასაც სჩადიან, როგორც ქვეყნის შიგნით გარკვეული ძალები, ასევე მათ ზურგს უმაგრებთ გარკვეული ძალები ქვეყნის გარეთ. ამ ქმედებების ნაწილია ისიც, რომ ჩემთან შეხვედრები, იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრების თუ ელჩების, არის ასეთი აჟიოტაჟის საგანი, რაც თითქოს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი უნდა იყოს. თუკი ჩვენ გვინდა, ვესაუბროთ ევროკავშირს, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია, მოხდეს დიალოგის გარეშე, წარმოუდგენელია, რაიმე ურთიერთობები იყოს შეხვედრების გარეშე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.