ნინო წილოსანი: ჩვენ არაერთხელ გვიკითხავს, რა არის ამ აქციის მოთხოვნა. რეალური მოთხოვნა და მიზეზი იყო ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა
„გამოიყვანეს ადამიანები ვითომ საქართველოს უკეთესი მომავლის მოსათხოვად. ჩვენ არაერთხელ გვიკითხავს, რა არის ამ აქციის მოთხოვნა. რეალური მოთხოვნა და მიზეზი იყო მათი ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი შეფასებით, საპროტესტო აქციების მოსაწყობად ცრუ მოტივი იყო აღებული.
„ევროპის იდეით გამოსული ხალხი და მათი უმრავლესობა, მათ შორის, კულუარებში გადასული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ერთადერთ მიზანს ისახავდნენ, რომ ხელისუფლების გადადგომა მოეთხოვათ. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაუვარდათ მათ არჩევნების შემდგომი პროცესი. რეალურად ვერც საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნეს იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. იმდენ სისულელეს ჰყვებოდნენ და „ტოპტვინების“ მოფიქრებული იმდენი აბსურდი მოისმინა საზოგადოებამ, რომ არავის აღარ სჯეროდა.
ამიტომ შეეცადნენ, რომ ეს ტრიგერული სიტყვები – ევროპა და ევროკავშირი გამოეყენებინათ სათავისოდ. გამოიყვანეს ადამიანები ვითომ საქართველოს უკეთესი მომავლის მოსათხოვად. ჩვენ არაერთხელ გვიკითხავს, რა არის ამ აქციის მოთხოვნა. რეალური მოთხოვნა და მიზეზი იყო მათი ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა.
დღეს, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, არის მილევად რეჟიმში გადასული აქცია, რომელსაც უკვე სრულად გაეშიფრა პოლიტიკური კომპონენტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მან დაკავებულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დარჩება საპატიმროში.
„რაც შეეხება დაკავებულებს. მე თვითონაც მშობელი ვარ და რა თქმა უნდა, ყველა მშობელს თავისი შვილი უდანაშაულო ჰგონია. მჯერა, რომ იქ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი უდანაშაულოდაც მოხვდნენ მთლიანად ამ გაუგებრობაში. თუმცა, სწორედ ის ნაწილი, ვინც უდანაშაულოდ მოხვდა, 24 საათის შემდგომ გათავისუფლდა და მიხარია, რომ საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან დეტალურად ვაკვირდებით ამ პროცესს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს და დარწმუნებული ვარ, თავად სამართალდამცავებიც იცავენ ამ ყველაფერს. მაგრამ ვინც რჩება ამ მომენტამდე და ვისაც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლები აქვს წარდგენილის, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ დავადანაშაულებ, თუმცა, ისინი არიან ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულში, რომელიც შეიძლება, რამდენიმე წლის პატიმრობას მოიცავდეს. ამიტომ ყველა დაელოდოს პროცესს.
უამრავჯერ გვინახავს, ყველა ოდიოზური პირებიდან დაწყებული – სააკაშვილი, გვარამია და ასე შემდეგ, როდესაც ქართული სასამართლოს განაჩენი დაუდასტურებია სტრასბურგის სასამართლოს. ამიტომ მართლმსაჯულების სისტემაში ყველა რგოლი სათანადოდ მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ამ ტესტს სათანადოდ გაივლიან და არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დარჩება საპატიმროში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა.