თეა წულუკიანი: ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა

„ვინაიდან ეს იყო პირველი და შემდგომ იგეგმება დიალოგის გაგრძელება, მთავარი მაინც ამ შემთხვევაში არის ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, იდეა წარმოადგინა ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, რომ ეს სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. მართლაც დამშვიდების დროა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, საჭიროა საგნობრივი დისკუსია ახალგაზრდებთან.

„მუდმივად ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში ნებისმიერი ადამიანისთვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იქნება თუ ჩვენი ამომრჩეველი, რთულია. ოჯახებშიც არის განსხვავებული აზრები, ერთმანეთს უპირისპირდებიან ოჯახის წევრები, მეგობრები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ამიტომ ჩვენ დამშვიდებისკენ უნდა წავიყვანოთ სიტუაცია. მთავარი პრობლემა არის საგნობრივი დისკუსიის არარსებობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკანონო, ქუჩით ჩამოშორების ეს მცდელობა არ გულისხმობდა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ჩართულობას. აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, მე მჯერა, რომ საგნობრივი დისკუსია საჭიროა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო რა იციან მათ იმის შესახებ, თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რაც იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. იციან თუ არა ამ ახალგაზრდებმა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის, ვინც მათ დაუტოვებს (და ეს მანამდე არ მომხდარა) სამართლებრივ დოკუმენტს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქვია – რუსეთის წინააღმდეგ დავა, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ და რუსეთს მოვუგეთ. ეს მათთვის ძალიან სერიოზული მშვიდობიანი იარაღია, რომ ქვეყანა გაამთლიანონ და რუსის ჯარი გაიყვანონ ქვეყნიდან. მათ აქვთ ჩვენ მიმართ ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა. იმის თქმა, რომ შენ რადგან ქუჩაში ხარ, ნაცი ხარ, არ მგონია სწორი, უბრალოდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ გაიგეს რაღაცები, ან არ ახსოვთ. თუ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდებს ძალიან სერიოზული დიდი წნეხი აქვთ რომ ხელისუფლებას არ ესაუბრონ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ ჩვენი წინა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ჩვენი თაობის წარმომადგენლებს (და აქვე მინდა ბატონი ლევან გიგინეიშვილს სახით ყველა მოაზროვნეს განათლებულ ადამიანს და იმას ვინც მისაბაძია, ჩემი პატივისცემა საჯაროდ დავუდასტურო) და უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს უფრო ნეიტრალურ პლატფორმაზე საგნობრივი დისკუსიის საშუალება მივცეთ. მე ალბათ არ მეჩვენება, რომ არის გარკვეული შიმშილი; ჩვენ ყველა დავიღალეთ მიპასუხე-გიპასუხეს რეჟიმით – მე ერთს ვიტყვი, მერე მიპასუხებ რომელიღაც ოპოზიციონერი, მერე მე გავცემ პასუხს და თითქოს ამისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. საჭიროა სხვა, უფრო შინაარსიანი – მაგალითად რა არის დღეს ევროკავშირი, მაგალითად რა ხდება დღეს საფრანგეთში, ჰყავს თუ არა საფრანგეთს დღეს მთავრობა და თუ არ ჰყავს, რატომ? “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ