თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე: ის აუცილებლად იქნება ჩვენი ისტორიის შავი ფურცელი
„ის აუცილებლად იქნება ჩვენი ისტორიის შავი ფურცელი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 30 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და მას დაუდგება მძიმე ჟამი, რადგან ისტორია შეაფასებს მის მოღვაწეობას, რომელმაც დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას.
„როდესაც 30 დეკემბერს უკვე გავისტუმრებთ იმ პრეზიდენტს, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მოუტანა საქართველოს, მინდოდა მეთქვა თავის ქვეყანას მეთქი მაგრამ ეს მას არ ეკუთვნის, ჩვენ შევძლებთ მშვიდ პირობებში და ახალი შესანიშნავი საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ და ჩვენი სახელმწიფო შევაყენოთ კვლავ იმ გზაზე, რომლიდანაც სალომე ზურაბიშვილი ბევრს ეცადა, რომ გადავეყვანეთ მაგრამ ვერ გადაგვიყვანა. რა თქმა უნდა, მისთვის მძიმე ჟამი დება. იმიტომ, რომ სწორედ ის ახალგაზრდები და მეც, იმიტომ, რომ მასზე ბევრად ახალგაზრდა ვარ, შევაფასებთ მან რა დაუზიანა საქართველოს და ის აუცილებლად იქნება ჩვენი ისტორიის შავი ფურცელი. მაგალითად, ერთ-ერთი შეფასება რაც არის და მე მას შევახსენებ, რომ მე მასზე ახალგაზრდა ვარ, მისგან განსხვავებით საქართველოში დავიბადე, გავიზარდე და ფესვები ღრმად მაქვს გადგმული ამ ქვეყნის მიწაში მისგან განსხვავებით, ჩემი შეფასება არის ის, რომ ის ტრავმა რაც მას და მის ოჯახს ჰქონდათ მიღებული 1920 -იან წლებში, მან გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანაზე და იმ ხალხზე ვინც აქ დარჩა, იომა, იბრძოლა, განადგურდა და მაინც გადარჩა შური ეძია. ეს ამას ჰგავს და დაემტკიცებინა, რომ ის დაბრუნდა, რომ ის დაბრუნდა დიდებით და გვმართა ისე, რომ გვასწავლა ჭკუა და დაგვაყენა ისეთი ქართველები, როგორიც მას წარმოედგინა 1920-იან წლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის მუქარასაც გამოეხმაურა, რომ ის პრეზიდენტის სასახლეს არ დატოვებს.
„ეს რა თქმა უნდა დიდ კურიოზად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მან უკვე ბევრჯერ შეგვარცხვინა საერთაშორისო ასპარეზზე. ქურთუკის სახელოზე ექაჩებოდე ახალ არჩეულ დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტს და სამად იკეცებოდე, ეს არ არის ქართველი ქალის ქცევა ტრადიციისამებრ, რომელიც მისთვის როგორც ჩანს უცხოა. არავითარი სიღრმისეული განხილვები ფეხზე დგომით არ ხდება. ეს არის მოჩვენებითი რეალობა, რომელიც მან შექმნა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.