გივი მიქანაძე: ვერც ერთ განცხადებას ვერ ვნახავთ, სადაც არა მხოლოდ მთავრობის მეთაურმა, არამედ „ქართული ოცნების“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ თურმე ვწყვეტთ ურთიერთობას ევროკავშირთან
„ეს არის სიცრუის ტირაჟირება. ვერც ერთ განცხადებას ვერ ვნახავთ, სადაც არა მხოლოდ მთავრობის მეთაურმა, არამედ „ქართული ოცნების“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ თურმე ვწყვეტთ მოლაპარაკებებს ან ურთიერთობას ევროკავშირთან”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის პოლიტიკა გრძელდება და სწორედ, ამას უკავშირდებოდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
გივი მიქანაძის განცხადებით, სპეკულაციები რამდენიმე კანონის გაუქმებით მიუღებელია, რადგან არც ერთი მათგანი დისკრიმინაციული არ არის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ.
„ჩვენ ვისჯებით უსამართლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ჩემთვის ჯერ ჩემი სახელმწიფო და ჩემი ხალხი არის ძვირფასი და შემდეგ არის სხვა ფასეულობები. მე ვერ ვიქნები სხვის ინტერესზე ორიენტირებული. ამიტომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ხელისუფლება არის ორიენტირებული იმ ისტორიული ტრადიციების, ოჯახური სიწმინდის და ყველა იმ ღირებულებების დაცვაზე, რომლითაც ჩვენ დღემდე ჩვენი საზოგადოება მოვიტანეთ, რომლითაც ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. თუმცა მავანნი ცდილობს, რომ ეს როგორღაც წარმოაჩინოს უმცირესობების უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციულ კანონად ცდილობს, რომ შერაცხოს. რაც აბსოლუტურად შესაბამისობაში არ არის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.