გივი მიქანაძე: ამ ქვეყანაში მაიდანის სცენარი არ და ვერ განვითარდება

????????????????????????????????????

„ამ ადამიანს მთელი საზოგადოება იცნობს, ის ოდიოზური ფიგურაა, რომელიც რაიმე ნეიტრალური პოზიციისგან შორსაა. ის არის მხარე, ადამიანი, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობისტი და გამტარებელია საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ დაანონსებულ ვიზიტს.

მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარის ჩამოსვლა იმ სცენარის გაგრძელებაა, რასაც ვუყურებდით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საქართველოს შიდა საქმეებში უპრეცედენტო მასშტაბით ჩარევა ხდებოდა.

„მისი განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია და არ ასახავს იმ მოცემულობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის არის დამახასიათებელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა სწორედ მას მიანდო საქართველოსთან მიმართებით საკითხები მონიტორინგი და ანგარიშების წარდგენა, რადგან აქაც უკვე ნეიტრალიტეტი დარღვეულია. ჩვენ ვნახეთ რომ მისი მეცადინეობით, როგორი აბსურდული რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა ერთი თვის წინ. ამიტომ, მისი ჩამოსვლა გაგრძელებაა იმ სცენარის, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ვხედავდით. მართლაც უპრეცედენტო ამბავი იყო, რომ მთელმა მსოფლიომ მოიცალა იმისთვის, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარეულიყო. ალბათ გინესების წიგნში ვართ შესაყვანი, ასეთ პატარა პერიოდში ასეთი დოზით სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით. ეს ადამიანები პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებენ და ამ დროს, თავად აკეთებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაზარდონ. ამ ქალბატონის ვიზიტიც მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და იმას, რომ ჩამქრალი მუხტი, რომელიც მილევად რეჟიმშია, ხელახლა გააღვიძოს. რეალობა ერთია – საზოგადოება მიმდინარე მოვლენებს ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში მეორე მაიდანის სცენარი არ და ვერ განვითარდება, ამის უფლებას არ მივცემთ. ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა 26 ოქტომბერს ღიად დააფიქსირა თავისუფალი ნება და თქვა – მე მინდა მშვიდობა, ღირსებით, კეთილდღეობით შევიდე ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ