გივი მიქანაძე ოპოზიციაზე: რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება
„14 დეკემბერი მართლაც ისტორიული დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ პირველად, სრულად ახალი მოდელით ვახორციელებთ ახალი პრეზიდენტის არჩევას”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია ჩატარდება საკანონმდებლო ორგანოში.
„რაც შეეხება იმ დღეს, რა პროცესები განვითარდება, ეს მნიშვნელოვანი დღე არის მთელი საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ მოქალაქეები ამ დღეს პირიქით, პოზიტიურად შეხვდებიან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა ამ პროცესში არეულობა შეიტანოს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალურად არის გაზრდილი დესტრუქცია. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება. არანაირი პერსპექტივა ამ პროცესებს არ აქვს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მილევად პროცესშია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე განმარტებით, არანაირი არგუმენტი არ აქვს რადიკალების მხრიდან ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.
„ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.