ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი, ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს

“მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება… ყველა ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს იმის საჭიროება რომ ექიმთან მივიდეს. ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი”, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. ის აცხადებს, რომ განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

„მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მითუმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები – თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია – ეს არის აბსურდი.

მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.

 

ასევე იხილეთ