შალვა პაპუაშვილი: ბოლო დღეებში ვხედავთ მშვიდობიან, უკვე შეთხელებულ აქციებს, რომლებიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისგან
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მშვიდობიანად მიმდინარე, უკვე შეთხელებულ აქციებს, რომლებიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისგან. დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა გარკვეულ ძალებს კვლავ აქვთ სურვილი დესტაბილიზაციის.
„ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომელსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, რომ ვინც ჩვენი ქვეყნის არ დამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აქციების დაწყებიდან საკმარისი დღე გავიდა და ხელისუფლებამ მოისმინა ის პრეტენზიები, რომელიც აქვთ მომიტინგეებს.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს. ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს არჩეული გზით სვლას და ცხოვრებას. ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.