ნანა კაკაბაძე: ანტიფაშისტურად განწყობილი უმრავლესობა თუ დროზე არ გამოფხიზლდება და არ დაანახვებს საკუთარ ძალას, ლიბერალ-ფაშისტებს, ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, რაც ქვეყნის რყევასა და ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს

„ლიბერალ-ფაშისტები დღეს ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენენ და წინააღმდეგობას აწყდებიან კონსერვატორულად განწყობილი უმრავლესობის მხრიდან, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ამწვავებენ ბულინგს და საზოგადოებიდან მოკვეთის მცდელობებს, ცილისწამებებსა და პროვოკაციებს. ამაში ისინი უზომო ოდენობის  თანხებს ხარჯავენ და ყველანაირად ცდილობენ უმცირესობის, უმრავლესობაზე გაბატონების მოპოვებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ფაშისტებმა და ბოლშევიკებმა გაიარეს ხელისუფლებისკენ“, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, ანტიფაშისტურად განწყობილი უმრავლესობა თუ დროზე არ გამოფხიზლდება და არ დაანახვებს საკუთარ ძალას, ლიბერალ-ფაშისტებს, ხელისუფლების ძალადობრივად  დაუფლების სურვილი, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, რაც ქვეყნის რყევასა და ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს.

„ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში

„თუ ისტორიაში ისევ განმეორდება ფაშიზმი, ის კაცობრიობას მოევლინება ლიბერალური ფაშიზმის სახით“ – რონალდ რეიგანი.

რეიგანის ამ სიტყვების შემდეგ ნახევარი საუკუნეც არ გასულა და სახეცვლილი ფაშიზმის რეანიმირება უკვე  მოგვევლინა ლიბერალური ფაშიზმის სახით. და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება.

ფაშიზმისთვის მიუღებელია საწინააღმდეგო აზრი, ამიტომ ასეთი აზრების მატარებლები უნდა განადგურდნენ ფსიქოლოგიურად, მორალურად და განიკვეთონ საზოგადოებიდან. თუ ამანაც არ უშველა, უნდა მოხდეს მათი ფიზიკური ლიკვიდაცია. ასეთია მათი დოქტრინა… მათთვის, მიზნის მისაღწევად ყველაფერი დასაშვებია…

ჩვენ, საბჭოთა პერიოდში გაზრდილი თაობა ვიცნობდით და ვაღიარებდით ისეთ ლიბერალიზმს, რომელიც პირველ რიგში, სიტყვის, გამოხატვის, რწმენის, კერძო საკუთრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და სამართლიანობას, განსხვავებული  პოზიციების შემწყნარებლობას გულისხმობდა, ჩვენთვის ლიბერალიზმის გამოხატულება იყო პატივისცემა და დაცვა სხვა   ადამიანის განსხვავებული აზრისა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებშიც კი. მეორე ადამიანის საპირისპირო  პოზიციაში ძალადობრივად არ უნდა ჩარეულიყო არც ფიზიკური პირი, არც ბრბოდ გადაქცეული ადამიანთა კრებული და  არც სახელმწიფო.

ლიბერალიზმის თავდაპირველი გაგება გვასწავლიდა, ადამიანის ღირსების აღიარებას, ის  თანასწორად მიიჩნევდა ყველას და იმ უფლებებს ანიჭებდა, რომლებიც იცავდა სიტყვის, შეკრების, რწმენისა და პოლიტიკური არჩევანის უფლებას.

მაგრამ დავინახეთ, რომ თურმე დღევანდელი გაგების ლიბერალიზმი უდრის ფაშიზმს!!! ფაშიზმი და ბოლშევიზმი, ევროპაში აღმოცენებული იდეოლოგიებია, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა დღეს ევროპაში ფართოდ მოიკიდა ფეხი და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში სწორედ ნეოლიბერალები არიან ხელისუფლებაში. ნეოლიბერალებს ფაშისტების და ბოლშევიკების მსგავსად დღეს მიაჩნიათ, რომ სწორება უნდა მოხდეს მათზე, მათ უნდა მიიჩნევდე  მანათობელ შუქურებად და მხოლოდ მათ უნდა აღიარებდე კაცობრიობისათვის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანად.

ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. სოციალურ მედიაში გავრცელებული და ვირუსივით მოდებული ლიბერალური ფაშიზმის ნიმუშებს რომ თავი დავანებოთ, ეს ვირუსი ვირტუალური სივრციდან უკვე ქუჩებში და შენობებში გადმოვიდა და საწინააღმდეგო აზრის მატარებელი ყველა მოქალაქის მიმართ ფობიის სახე მიიღო.

ვინც არ ვაღიარებთ, რომ „სისხლიანი 9 წელი“ არ ყოფილა „დემოკრატიის შუქურა“, ყველანი იმწამსვე ვინათლებით რუსეთის აგენტებად და ერის მტრებად. ვინც არ ვაღიარებთ, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, ასევე „რუსეთის აგენტები და ერის მტრები“ ვართ. ასეთივე სტატუსით მოიხსენიება ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ თავისი მინუსებისა და სისუსტეების მიუხედავად, დღეს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომელმაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა.

ეს ყოველივე ეტყობა ხელოვნურად აგორებული საპროტესტო აქციების მასშტაბებსაც, რადგან 1.000, 10.000, 100.000 ან ამაზე 2-ჯერ და სამჯერ მეტი ადამიანის მიერ პროტესტის გამოხატვაც ვერ გადაწონის 1.120.000 მოქალაქის ოდენობას, რომელმაც ნდობა გამოუცხადა და ხმა მისცა  დღევანდელ ხელისუფლებას. გავიხსენოთ, რომ ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მარტო თბილისში 300 ათასამდე ხმა მიიღო და მათი 1, 10 ან თუნდაც 50% ყოველდღიურადაც კი რომ აპროტესტებდეს მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არჩევნებში, ეს როგორ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი?

სხვა პრობლემაა მედიაში და ეკლესიაში გამოთქმული განსხვავებული აზრის მიუღებლობა ლიბერალ-ფაშისტების მხრიდან. მათ აქვთ 4 სატელევიზიო არხი, რომლებიც 24 საათის მანძილზე აწარმოებენ ლიბერ-ფაშისტური იდეების აღვირახსნილ პროპაგანდას და სიცრუის სისტემატურ ტირაჟირებას, მაგრამ თუ ერთი-ორ ტელევიზიას („იმედი“, „პოსტივი“) პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვთ, ისინი მათ დახურვას და განადგურებას მოითხოვენ. ეს კი იმის აღიარებას ნიშნავს, რომ „იმედი“ ბევრად უსწრებს პოპულარობით ერთად აღებულ ოთხ ლიბერ-ფაშისტურ ტელევიზიას.

ვითომ-ლიბერალები, შედარებით დაბალანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებს უწუნებენ და უსწორებენ ინტონაციას, ტემბრს, ინტერპრეტაციას, კონტექსტს, რაკურსს და ა. შ. მოკლედ, მოითხოვენ, რომ მათი ლიბერალ-ფაშისტური გმირული საქმეები ისე აღწერონ ჟურნალისტებმა, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაში ხდება – მათთვის სასურველი ინტონაციის, ტემბრის, ინტერპრეტაციის, კონტექსტის და რაკურსის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბრბო მოღალატეების იარლიყებს მიაკერებს.

ჩვენთვის ახალი არ არის ლიბერალ-ფაშისტების ანტიეკლესიური ბრძოლები, თუმცა, ისინი უკვე გადავიდნენ  ეკლესიებში შევარდნებზე, მალე ალბათ მღვდლების გაკრეჭის ცერემონიებსაც დავინახავთ, ვინაიდან 21 ე საუკუნის, „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ბოლშევიკი და კომკავშირელი  წინაპრები სწორედ ასე იქცეოდნენ 100 წლის წინ.

ლიბერალ-ფაშისტები დღეს ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენენ და წინააღმდეგობას აწყდებიან კონსერვატორულად განწყობილი უმრავლესობის მხრიდან, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ამწვავებენ ბულინგს და საზოგადოებიდან მოკვეთის მცდელობებს, ცილისწამებებსა და პროვოკაციებს. ამაში ისინი უზომო ოდენობის  თანხებს ხარჯავენ და ყველანაირად ცდილობენ უმცირესობის, უმრავლესობაზე გაბატონების მოპოვებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ფაშისტებმა და ბოლშევიკებმა გაიარეს ხელისუფლებისკენ. ამიტომ ანტიფაშისტურად განწყობილი უმრავლესობა თუ დროზე არ გამოფხიზლდება და არ დაანახვებს საკუთარ ძალას (თუნდაც თავისი სიმრავლის ჩვენებით), ლიბერალ-ფაშისტებს, ხელისუფლების ძალადობრივად  დაუფლების სურვილი, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, რაც ქვეყნის რყევასა და ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს.

ამასობაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი „დაუძინებელი მეგობრები” ან გატრუნულები უყურებენ ასეთ ფაშისტურ გამოხტომებს, ან პირიქით, მოუწოდებენ, რომ უფრო გაამწვავონ ფაშისტურ-ბოლშევიკური ნაზავი. ჩქარობენ! ვინაიდან ცდილობენ, რომ ყოველგვარი სისაძაგლე (სახელმწიფო გადატრიალების ჩათვლით)  ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწრონ ვინაიდან კარგად იციან, ტრამპის შესვლა თეთრ სახლში, ფაშისტური-  ლიბერფაშიზმის დასასრულის დასაწყისი იქნება“, – წერს ნანა კაკაბაძე.

ასევე იხილეთ