შალვა პაპუაშვილი: 2 საათზე ცესკო გავა, რომ ჩაატაროს სხდომა, დაითვალოს ხმები და შემდგომ უკვე იქნება გამოცხადება შედეგების. ეს ისტორიული მომენტი საქართველოში პირველად ხდება

„სისტემა, რომელიც თავისი არსით წააგავს ამერიკულ-გერმანულ სისტემას, პირველად დაინერგება საქართველოში და ამით საბოლოოდ დასრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად საქართველოს, როგორც კონსტიტუციურ ფორმალური მხრივ, ასევე, პრაქტიკული მხრივაც ტრანსფორმაცია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით.

ხმის მიცემის პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი არის ისტორიული მომენტი საქართველოსთვის.

„ვინაიდან ოპოზიციამ საკრებულოების ნაწილში თავისი 55 მანდატი არ აითვისა, ის მანდატი გადანაწილდა უკვე „ქართულ ოცნებაზე“. ასე რომ, დღევანდელ კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით აქვს 211 წევრის ადგილი, ოპოზიციას 69 და ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან.

2 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია გავა იმისთვის, რომ ჩაატაროს სხდომა, დაითვალოს ხმები და შემდგომ უკვე იქნება გამოცხადება შედეგების.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული მომენტი საქართველოში პირველად ხდება, არაპირდაპირი არჩევნების მხრივ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ