„საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის დამსახურებაა, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას, ვულოცავ 1 120 000-ზე მეტ ამომრჩეველს, სწორედ მათი მანდატის წყალობით შევძელით არჩევნებში მხარი დაგვეჭირა მიხეილ ყაველაშვილისთვის და სწორედ ამ მხარდაჭერის დამსახურებაა მისი გამარჯვება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა არა მარტო ჩვენ ამომრჩეველს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა, მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.