„Financial Times“: 2018-2019 წლებში ასადმა თითქმის ორი ტონა ევრო და დოლარი გადაგზავნა მოსკოვში
სირიის ცენტრალურმა ბანკმა 2018-2019 წლებში, როდესაც ქვეყნის გადაყენებული პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, მოსკოვში გაგზავნა მილიონობით დოლარის ნაღდი ფულით დატვირთული რამდენიმე თვითმფრინავი,. ამის შესახებ ინფორმაციას „Financial Times“ (FT) კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ დროს სირიაში უცხოური ვალუტის დეფიციტი იყო. ეს ინფორმაცია დაადასტურა FT-ის წყარომ, რომელიც იცნობს სირიის ცენტრალური ბანკის შიდა სტატისტიკას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018-2019 წლებში ქვეყნის შიდა რეზერვები „თითქმის ნულოვანი იყო“.
სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ასადის მთავრობამ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში 250 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფულადი სახსრები გაგზავნა – 100 და 500 ევროს კუპიურები, რომლებიც დაახლოებით 2 ტონას იწონიდა.
ერთი დღით ადრე, თეთრი სახლის ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ენდრიუ ტაილერმა თქვა, რომ სირიაში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ დაიწყო „ნადირობა“ მისი ოჯახის აქტივებზე და ნათესავებზე საზღვარგარეთ.
„The Wall Street Journal“-ის ცნობით, მის აქტივებში შედის საბანკო ანგარიშები შვეიცარიაში, უძრავი ქონება დუბაიში და ბიზნესი ვენაში.