ზურაბ ჩიკვილაძე: როდესაც მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი იმყოფება სკოლაში და ამ დროს, უცხო ადამიანები მოუწოდებენ ქუჩაში გასვლისკენ, სწორედ ეს მიმაჩნია ბავშვთა უფლებების დარღვევად

„ვერ ვიქნები გულგრილი, ბავშვების მისამართით განხორციელებულ მოწოდებებზე, შეწყვიტონ სასწავლო პროცესი და მივიდნენ აქციაზე“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბავშვთა უფლებების დარღვევად ის მიაჩნია, როდესაც მათთვის სრულიად უცხო ადამიანები მიდიან სკოლებში და ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.

„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ეხება UNICEF Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ განცხადებას, რაც ერთგვარად ემსახურება არასრულწლოვნების წახალისებას ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში, რაც ყოვლად მიუღებელია.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა უფლებები. ამიტომ ვერ ვიქნები გულგრილი, ბავშვების მისამართით განხორციელებულ მოწოდებებზე, შეწყვიტონ სასწავლო პროცესი და მივიდნენ აქციაზე.

იმ დროს, როდესაც მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი იმყოფება სკოლაში, უსაფრთხო, მშვიდ გარემოში და ამ დროს ბავშვისთვის უცხო ადამიანები მოუწოდებენ ქუჩაში გასვლას, სწორედ ეს მიმაჩნია ბავშვთა უფლებების დარღვევად. ასევე, სამწუხაროდ, 2 დღის წინ, რევანშისტული ძალებისგან შეიზღუდა ბავშვთა უფლებები და ჩაიშალა საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ განათება, რომელსაც ყოველ წელს სიხარულით ელოდებიან პატარები. ეს არის არაჯანსაღი განწყობა, რომელსაც თან ერთვის ზიზღის გამოხატულება და ამაზე ქართულ საზოგადოებას ყოველთვის ექნება შესაბამისი პასუხი“, – წერს ზურაბ ჩიკვილაძე.

 

ასევე იხილეთ