ანრი ოხანაშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა

„საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

„აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად. ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული გონივრული და მშვიდობიანი დეოკუპაციის მართებულობა.

ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას ოკუპაციის წინააღმდეგ ამ მორიგ სახელმწიფოებრივ გამარჯვებას. აქვე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ