ლევან მახაშვილი ალენ ბერსეს ვიზიტზე: ევროპის საბჭოსთვის სულერთი არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესები, გენერალური მდივნის ჩამოსვლა სწორედ ამის ნიშანია და ჩვენი მოლოდინიც ეს არის, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოში პროცესების ჯანსაღ ჩარჩოში დაბრუნებას
“საქართველო არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ჩვენი გაწევრიანების დღიდან და საქართველო საკმაოდ აქტიური წევრია ამ ორგანიზაციის. ჩართულია ყველა მნიშვნელოვან პროექტში თუ აქტივობაში და ამიტომ, ევროპის საბჭოსთვის რა თქმა უნდა, სულერთი არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესები. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სწორედ ამის ნიშანია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, „ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები დიდი ხანია მოხსნილია, აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი მათთვის, როგორც გენერალური მდივნისთვის, ასევე ზოგადად ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მოქცეული იყოს ჯანსაღ ჩარჩოში და გენმდივნის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ჩამოვიდეს, გაეცნოს, შეხვდეს მხარეებს, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და შესაბამისი დასკვნები მოგვიანებით გამოიტანოს“.
ასევე, მახაშვილმა ალენ ბერსეს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ წვლილს შეიტანს იმაში, რომ პოლიტიკური პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ჩარჩოს.
„ჩვენი მოლოდინი სწორედ ეს არის, რომ მისი ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში პროცესების ჯანსაღ ჩარჩოში დაბრუნებას. როცა ვსაუბრობთ ჯანსაღ ჩარჩოში დაბრუნებაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თუ სხვა ოპოზიციურად განწყობილმა აქტორებმა პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნებს და დაუბრუნდნენ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობებს. ჩვენი გადმოსახედიდან ეს შეხვედრები ნაყოფიერი იყო. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრაზეც ჩვენ გავაცანით ჩვენეული ხედვა, როგორ ვხედავთ ბოლო ორი თვის და ცოტა უფრო ადრეც განვითარებულ მოვლენებს.
ის ქრონოლოგია რაც ახლდა ძალადობრივ დემონსტრაციებს თუ სხვა პოლიტიკურ განვითარებებს და ჩვენეული პოლიტიკური შეფასება ამ პროცესებთან დაკავშირებით და როგორ წარმოგვიდგენია სამომავლოდ ჩვენი გეგმები. გენმდივანმა ყურადღებით მოისმინა ჩვენი ხედვები და შეგვპირდა, რომ ის ყურადღებით გაეცნობა აბსოლუტურად ყველა აქტორის შეხედულებებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ წვლილს შეიტანს იმაში, რომ ჩვენთან ურთიერთობები და ზოგადად პოლიტიკური პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ჩარჩოს“, -განაცხადა ლევან მახაშვილმა.