ირაკლი ზარქუა: ამიტომ გვსჯიან, რომ „მეორე ფრონტი“ არ გავხსენით

„როგორც კი ომი დამთავრდება, ამის შემდეგ წნეხი ჩვენს ქვეყანაზე მოიხსნება „მეორე ფრონტის“. ამიტომ გვსჯიან ჩვენ, რომ „მეორე ფრონტი“ არ გავხსენით”, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია ურთიერთობების აღდგენა პარტნიორებთან მაშინ, როდესაც ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ სანქციების დაწესების გარდა, აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობაც შეაჩერა საქართველოსთან, ევროკავშირში მსჯელობენ სანქციებზე საქართველოს მიმართ, ცალკეულმა ქვეყნებმა დააწესეს უკვე მსგავსი ტიპის სანქციები.

„ნათლად ვხედავთ, რომ [აშშ-ის] ადმინისტრაცია შეიცვლება და იქ მოვა ის ხელისუფლება, რომელიც იმ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, რაც წინასაარჩევნოდ გვქონდა. შეგახსენებთ რა იყო ეს. ვხედავთ, რომ ერთი და იგივე მესიჯებზე „ვზივართ“. ეს არის ოჯახური ღირებულებები, ამაზე კანონიც კი მივიღეთ, მეორე – ეს იყო [რუსეთ-უკრაინის] ომის დამთავრება და მესამე – ეს ფსევდო ლიბერალიზმი, ფაშისტური ლიბერალიზმი რომ უნდა დამთავრდეს – გაუგებარი ექსპერიმენტები მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით პირველივე განცხადება გააკეთა ტრამპმა, ზუსტად ერთი ერთში ის, რასაც პირადად მე წალენჯიხაში რომ დავდიოდი, ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ არანაირი ლგბტ პროპაგანდა არ იქნება, ოჯახური ღირებულებები იქნება მნიშვნელოვანი და ომი უნდა დამთავრდეს მეთქი. როგორც კი ომი დამთავრდება, ამის შემდეგ წნეხი ჩვენს ქვეყანაზე მოიხსნება „მეორე ფრონტის“. ამიტომ გვსჯიან ჩვენ, რომ „მეორე ფრონტი“ არ გავხსენით და ეს არის ჩვენი სასჯელი“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე იხილეთ