ალენ ბერსე: გვაქვს მოლოდინი, რომ აღსრულდება ის რეკომენდაციები, რაც სიტუაციას გააუმჯობესებს და სრული თანამშრომლობა იქნება ამ თვალსაზრისით
“საქართველო 25 წელზე მეტია ევროსაბჭოს წევრია. ევროპის საბჭოს წევრობა უკავშირდება ვალდებულებებს. საბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და ჩვენ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს გამომდინარე ყველა ამ დოკუმენტიდან, რომელზეც საქართველოსაც ხელი აქვს მოწერილი. ამ კონტექსტში, გვაქვს მოლოდინი რომ თქვენგან სრული თანამშრომლობა იქნება”, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა წარიმართება იმ საკითხებზე, რაც მისი ვიზიტის ფარგლებში იყო განხილული.
„შემიძლია გითხრათ რომ კი, სრული თანამშრომლობა იქნება ამ თვალსაზრისით. გვაქვს მოლოდინი, რომ აღსრულდება ის რეკომენდაციები, რაც სიტუაციას გააუმჯობესებს. ვთქვით, რომ ვიმუშავებდით ერთად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ცვლილებაზე. გვაქვს მოლოდინი რომ კარგი თანამშრომლობა იქნება. ყველაფერს მეილებით ვერ გაარკვევ, ყველა ვართ ადამიანები და გვჭირდება ფიზიკური, რეალური, უშუალო კონტაქტი იმისთვის, რომ ვნახოთ ადამიანების როლების მრავალფეროვნება და შემდგომ უკვე ერთმანეთს დავაკისროთ ვალდებულებები, ამიტომაც გვაქვს მოლოდინი, რომ სრული თანამშრომლობა იქნება და საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ეს ასე არ იქნება. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ შემდეგი თვის განმავლობაში. ევროპის საბჭო კონკრეტულ ურთიერთობაშია საქართველოსთან, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო 46 წევრიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა ბერსემ.