„პოლიტიკო“: ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკომისიაში მაფიის მსგავს კულტურაზე საუბრობს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიას გავლენიანი მრჩევლები ხელმძღვანელობენ, – ამ სახელწოდებით სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ომბუდსმენი ემილი ო’რეილი ევროკომისიაში მაფიის მსგავს კულტურაზე საუბრობს და ამ ყველაფერს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აბრალებს.
ემილი ო’რეილი, რომელიც ათწლეულზე მეტი ევროკავშირის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დამკვირვებელია, ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ევროკომისიის გამჭვირვალობა გაუარესდა.
ო’რეილი თანამდებობას თებერვალში ტოვებს და „პოლიტიკოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ არასდროს შეხვედრია პირადად ფონ დერ ლაიენს. მანვე შეშფოთება გამოხატა „კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში გავლენიანი მრჩევლების არსებობაზე“.
„ისინი ინტელექტუალური ხალხია, მაგრამ ისინი არ არიან არჩეულები“, – თქვა მან.
ო’რეილიმ აღნიშნა, რომ მაფიის მსგავსი კულტურა ყოველთვის ზემოდან მოდის, რაც გულისხმობს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამჭვირვალობის ნაკლებობას.
„საჭირო ინფორმაცია პოლიტიკური მიზეზების გამო თუ იფარება, მაშინ სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კაბინეტია, ვინც აყალიბებს მიოზურ კულტურას“, – აცხადებს იგი.
ომბუდსმენის თქმით, როდესაც საქმე ეხება დოკუმენტების გადაცემას, კომისიის თავშეკავება მიუღებელია და ტენდენცია შემაშფოთებელია.
„თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ის იმედგაცრუება, როდესაც თვეების განმავლობაში მოთმინებით ვმუშაობთ დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, ევროპის სასამართლოს კანონის მიხედვით, ამ ყველაფერს ვაკეთებთ – და ისინი მაინც ამბობენ უარს“, – ო’რეილი.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ომბუდსმენმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტი იმის გამო, რომ მათ არ დააკისრეს კომისიას პასუხისმგებლობა და მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, გაიხსენოს მისი ძლიერი ზედამხედველობითი როლი.
„რამდენიმე ადგილას, ევროპარლამენტარებმა არაერთხელ მკითხეს, როგორ გავხადოთ კომისია უფრო ანგარიშვალდებული? როგორ მივიღოთ ჩვენთვის საჭირო დოკუმენტები? როგორ უნდა გავხადოთ ისინი უფრო ღია? და ვიფიქრე, ნუთუ მე მეკითხებიან? მე ვარ ომბუდსმენი, 80 ადამიანით, ისინი არიან ინსტიტუტი, რომელმაც უნდა მოსთხოვოს პასუხი კომისიას. ასე რომ, თუ ისინი რჩევას მთხოვენ, ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია“, – ამბობს ო’რეილი.