თურქეთის ელჩი: მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი კმაყოფილება საქართველოსთან, მჭიდრო ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით
საქართველოში თურქეთის საელჩო ელჩის, ალი ქაან ორბაი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ წერს.
„შევხვდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. მას მივულოცეთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და ვუსურვეთ წარმატება.
შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ქვეყნის საერთო დღის წესრიგში არსებული საკითხები. ასევე, გამოვხატეთ ჩვენი კმაყოფილება მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და დავადასტურეთ თანამშრომლობის ყველა სფეროში განვითარების ორმხრივი სურვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.