რას წერდა ეუთო/ოდირი აშშ-ის 2016 წლის არჩევნების საბოლოო დასკვნაში – ხმის ფარულობა არ იყო ყოველთვის გარანტირებული, წინასაარჩევნო კამპანიას ახლდა პარტიული შუღლის მაღალი ხარისხი
„დღემდე კანონის დონეზე შეუსრულებელია ეუთო/ოდირის რამდენიმე წინა რეკომენდაცია, საკანონმდებლო ბაზაში დღესაც არსებობს გარკვეული ხარვეზები: მაგალითად, საარჩევნო უფლების ჩამორთმევა სხვადასხვა ტერიტორიაზე, სისხლის სამართლის მსჯავრდადებულთა საარჩევნო უფლებების შეზღუდვები და ხმის ფარულობის დარღვევები“, – აღნიშნულის თაობაზე, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ.
დოკუმენტში სხვა კრიტიკული ჩანაწერებიც გვხვდება, მაგალითად, ხაზგასმულია, რომ ხმის ფარულობა არ იყო ყოველთვის გარანტირებული.
„ხმის ფარულობა არ იყო ყოველთვის გარანტირებული იქ, სადაც ამომრჩევლებს ბიულეტენის სკანირებისას, ზოგადად, არ მიეწოდებოდათ „შიდა/ფარული კონვერტი“, ასევე, ხმის ფარულობა არ იყო ყოველთვის გარანტირებული ფოსტით და უცხოეთში ელექტრონულად ხმის მიცემისას, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
ამასთან საუბარია იმაზეც, რომ იმდროინდელი საპრეზიდენტო კანდიდატები – „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი და „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონი, ერთმანეთს პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელ პირებად აცხადებდნენ.
„წინასაარჩევნო კამპანიას ახლდა პარტიული შუღლის მაღალი ხარისხი ორ ძირითად კანდიდატს შორის. წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ორივე კანდიდატი იყენებდა კონფრონტაციულ ტონს და ხშირად ახორციელებდა პირად თავდასხმებს“, – ვკითხულობთ დასკვნაში.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს იმასაც, რომ აუცილებელია რეგისტრაციის სიზუსტის გაუმჯობესებაზე მუშაობა. ამასთან, ხაზგასმულია ელექტრონული ტექნიკის გაუმართაობის გამო შექმნილი პრობლემები.
„მკაფიო ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ არ იყო თანმიმდევრულად მიწოდებული ყველა იურისდიქციაში. ჯამში, მიუხედავად ზოგიერთი მისასალმებელი გაუმჯობესებისა, ეს გამოწვევები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაუმჯობესდეს რეგისტრაციის სიზუსტე და ინკლუზიურობა მთელ ქვეყანაში.
დაკვირვებათა 12%-ში სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს ხმის მიცემის ელექტრონული ტექნიკის გაუმართაობა, რაც შეიძლება მივაწეროთ ძველ და არასათანადოდ მოვლილ აპარატურას, ასევე წინასაარჩევნო ტესტირების არაადეკვატურ პროცედურებს. რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლები ატყობინებდნენ არჩევნების პერსონალს, რომ მათი ხმები არ იყო ზუსტად ასახული ხმის მიცემის ელექტრონული მოწყობილობების ეკრანებზე, რაც, არჩევნების მხარდაჭერის კომისიის თანახმად, შეიძლება მოხდეს არასათანადოდ კალიბრირებული ტექნიკის შემთხვევაში. რაიმე მტკიცებულების წარდგენის გარეშე ბატონი ტრამპი აცხადებდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთი მოწყობილობა ავტომატურად გარდაქმნიდა რესპუბლიკელთა სასარგებლო მიცემულ ხმას დემოკრატთა სასარგებლოდ მიცემულ ხმად“, – ვკითხულობთ ეუთო/ოდირის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომზადებულ დასკვნაში.