“გარდიანი”: ალბანეთში “ტიკტოკს” ერთი წლით აკრძალავენ

ალბანეთში „ტიკტოკს“ ერთი წლით აკრძალავენ. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ამის მიზეზი გასულ თვეს ალბანეთში მომხდარი მკვლელობა გახდა, რამაც ქვეყანაში გამოიწვია დისკუსია სოციალური მედიის ბავშვებზე გავლენის შესახებ.

საქმე ეხება თანაკლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა ორ ბიჭს შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. ასევე, „ტიკტოკზე“ გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას.

პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ დაადასტურა აკრძალვა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების გაძლიერების უფრო ფართო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„ერთი წლის განმავლობაში მას ყველასთვის სრულად გავთიშავთ. „ტიკტოკი“ ალბანეთში აღარ იქნება“, – განაცხადა ედი რამამ.

ედი რამა სოციალურ მედიას და განსაკუთრებით „ტიკტოკს“ ახალგაზრდებში ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს, როგორც სკოლაში, ისე მის გარეთაც.

„დღეს პრობლემა ჩვენი შვილები არ არის, პრობლემა დღეს ჩვენ ვართ, პრობლემა დღეს არის ჩვენი საზოგადოება, პრობლემა არის „ტიკტოკი“ და ყველა, რომლებსაც ჩვენი შვილები მძევლად ჰყავთ“, – განაცხადა რამამ.

მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ძალაში მომავალი წლის დასაწყისში შევა.

ასევე იხილეთ