თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ცნობილ სპორტსმენთან, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მათ ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ხამზატი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენი. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი. ალბათ ნახავდით ამის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ მას. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს. ჩამოსვლის მიზანს რაც შეეხება, არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს.
„ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, ვინმესთან ვიმეგობრო თუ არა. ჩემთვის არის ადამიანობა პირველ რიგში. ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თუ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს გადაღებული ფოტოები, კადიროვის გარდა, თუ მაგით ხელმძღვანელობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.