მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც
“ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც”, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან “ საუბრისას, „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ან დიალოგი და კონსულტაციები და ან რეჟიმის ჩამოშლით მისვლა არჩევნებამდე“.
მარიამ ლაშხის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის იყო ღია დიალოგისთვის და ეს მთავრობის მეთაურმა არაერთხელ განაცხადა. თუმცა რადიკალების მიზანი დიალოგი არ არის და მათ ხელისუფლების დამხობა სურთ.
„დიალოგი ჩვენი მხრიდან არასდროს მოხსნილა დღის წესრიგიდან. მთავრობას ჰყავს მეთაური და მთავრობის მეთაურისგან არაერთხელ გაჟღერდა დიალოგის მზაობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ყოველთვის მზად ვართ ამისთვის. თუმცა ამასთან ერთად გრძელდება სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა და ის დანაპირები, რაც არის აღვასრულოთ, ხოლო ის მცდელობები არეულობის თუ სხვა დესტრუქციის, ამასთან დაკავშირებით რომელიმეს საფუძველი რომ ჰქონდეს, რეალური სურვილი და მზაობა, რომ იყოს დიალოგის ამ წინადადებას დათანხმდებოდა და რომელიმე გაბედავდა მთავრობის მეთაურთან დაჯდომას და საუბარს. თუმცა რა თქმა უნდა არც საფუძველია, დაცლილია ეს ყველაფერი და ერთგვარი ხალხის აჟიოტაჟის და ჩუმი ხმაურის, ქარიშხლის მოხდენას ემსახურება ესეც“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.