ბიძინა ივანიშვილი: დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს, ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე
“დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილშია აღნიშნული.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ”,– წერს ივანიშვილი.