პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.