გურამ რჩეულიშვილის საფლავის არსებული ქვის ზედმიწევნით ზუსტად დამზადებული ასლი მწერლის საფლავზე მოთავსდა
მწერალთა სახლი გურამ რჩეულიშვილის საფლავის რესტავრაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„25 დეკემბერს გურამ რჩეულიშვილის საფლავის არსებული ქვის ზედმიწევნით ზუსტად დამზადებული ასლი მწერლის საფლავზე მოთავსდა.
2024 წელი გურამ რჩეულიშვილის საიუბილეო წელიწადია. ამ თარიღთან დაკავშირებით, მწერალთა სახლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, შემუშავდა გურამ რჩეულიშვილის საფლავის რესტავრაციის პროექტი.
მწერლის საფლავის რესტავრაციის პროექტი წარმოადგენდა კომპლექსურ ღონისძიებას და ითვალისწინებდა მემორიალური ძეგლის აღდგენას და მონტაჟს, რომელიც განახორციელა ა(ა)იპ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ“, – აცხადებენ მწერალთა სახლში.