გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარ ინციდენტზე: „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან. მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი
„ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არც ერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან და მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი.
„მსურს გამოვეხმაურო გუშინ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.
ორი დღეა, ოპოზიციური მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ მსგავსი „ფეიკები”, თუმცა, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
კერძოდ, პირველ ეტაპზე გავრცელდა ტყუილი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ზუკა კირვალიძე მონაწილეობდა ორბელიანზე მომხდარ ინციდენტში. შემდეგ, ეს თავადვე უარყვეს.
დღეს კი, საზოგადოებას ისევ არწმუნებენ, რომ ამ ფაქტის შესაძლო ფიგურანტები ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არც ერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან.
სამწუხაროდ, მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ეს ჯგუფები ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი.
მოვითხოვთ ნაც. მოძრაობის ტელევიზიებისგან საჯაროდ უარყონ ეს ბრალდებები.
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ორბელიანის მოედანზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი ქალს ფიზიკურად უსწორდება.