ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია
2024 წლის 26 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და მის აღმატებულება ფაიგ გულიევს თანაგრძნობა გამოუცხადა აქტაუში (ყაზახეთი) აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა გამო.
– თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ფაიგ, მსურს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარება გამოვხატო გუშინდელი საშინელი ტრაგედიის გამო. გთხოვთ, გადასცეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველი თანამშრომლისა და სტუდენტის გულისტკივილი და თანაგრძნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ილჰამ ალიევსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს გარდაცვლილთა სულები!, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა გულითადი მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლობას მისი სამშობლოსთვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერის გამო.