“რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ… ბიზნესი ცოტა სხვა თემაა” – რას ამბობენ კომპანია “ლორგოში”, რომელიც პლაფორმა “თავისუფალი ბიზნესის” ხელმომწერია?
სოციალურ ქსელებში გავრცელდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობები აკავშირებთ და ამასთანავე, არიან პლატფორმა freebusiness-ის ხელმომწერთა შორის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შექმნილ საფრთხეზე მიუთითებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას უჭერენ მხარს.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მათთვის ორმაგ სტანდარტად აღიქმება ერთი მხრივ, განსხვავებული აზრის რუსულად შერაცხვა, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან საქმიანი თანამშრომლობა.
„ერთი ხელით, ბიზნესს აწყობენ რუსეთთან ვაჭრობით და შემდეგ გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თითქოს, საფრთხე ეხება ევროპულ მომავალს“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
Newshub.ge დღის განმავლობაში დაუკავშირდა იმ კომპანიების ნაწილს, რომლებიც freebusiness-ზე არიან რეგისტრირებული და ამავდროულად, მთავრობის ცნობით, რუსეთთან მილიონობით ლარის სავაჭრო ბრუნვა აქვთ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნული დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს.
ჩვენთან კომენტარის გაკეთებას დასთანხმდა „ფრიბიზნესის“ მხარდამჭერი „ლორგო“, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 2021-2024 წლებში 9 674 708 ლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა რუსეთთან.
„ლორგოს“ წარმომადგენელმა Newshub-თან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ კომპანია ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა, სავაჭრო ურთიერთობებში რჩება რუსეთთანაც.
„იქ არის მითითებული, რომ რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ევროპასთან, მაგალითად, გერმანიიდანაც ვაწარმოებთ იმპორტს. ასევე ვთანამშრომლობთ სამხრეთ კორეასთან. ასე რომ, მარტო რუსეთი არ არის. თუმცა, რაც შეეხება რუსეთს, ის ჩვენთვის, ბიზნესისთვის ცოტა არასტაბილური ქვეყანაა. ჩვენ შემოგვაქვს პირველი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ქართულ ბაზარზეა. წლებია ვმუშაობთ, ჯერ კიდევ 2003 წლამდე დავიწყეთ მათთან [რუსეთთან] თანამშრომლობა. იყო მოთხოვნილება ბაზარზე და ჩვენ ამას ვაგრძელებთ – ეს კვების პროდუქტებს ეხება და არა სხვა რამეს“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
კითხვაზე – „ლორგოს“, რომელიც ფლატფორმა freebusiness-ზეა რეგისტრირებული, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ თავად სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს:
„ჩვენ ვცდილობთ ევროპისკენ გასვლას. ჩვენ, ასევე, 15 წელიწადია გერმანიასთან ვმუშაობთ. ახლა დავიწყეთ კორეასთან მუშაობა. ცოტა რთული თემაა, ბიზნესის… რაც შეეხება უხერხულობას, იცით, მე ერთმანეთთან კავშირს ვერ ვხედავ. თუ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ ამას, ბიზნესი ცოტა სხვა თემაა და პოლიტიკა ცოტა სხვა თემაა. მე ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან ამას“.
მისივე თქმით, არავისგან, მათ შორის ხელისუფლებისგან არ მოუსმენია, რომ მათი მიზანი რუსეთისკენ სწრაფვაა.
„ორივე ამბობს, რომ მიდის ევროპისკენ და მე ვერ ვხდები, რაშია პრობლემა. რომელიმე მხარე არ მიდის ევროპისკენ? მე ვუსმინე, სახელმწიფო სტრუქტურები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ აუცილებლად მივდივართ ევროპისკენ. ჩვენც მივდივართ ევროპისკენ. მე ვერ ვნახე, ვინც ამბობს, რომ „მე მივდივარ რუსეთისკენ“. გინდ ოპოზიციისგან, გინდ ჩვენი მთავრობისგან, ვინმესგან მოისმინეთ, რომ ისინი რუსეთში მიდიან? – არავინ არ მიდის რუსეთში. აქ იყო ლაპარაკი ევროპაზე და მეც, როგორც ყველა, გინდა ოპოზიცია და გინდა სამთავრობო სექტორი, მეც მივდივარ ევროპისკენ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, პლატფორმა freebusiness-ზე, რომელსაც ამ ეტაპისთვის 2376 მხარდამჭერი ჰყავს, ვკითხულობთ:
„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც რუსეთიდან იღებენ ფინანსურ სარგებელს, სახელდებიან „კოკა-კოლა“, „ნაბეღლავი“, „პე-ეს-პე“, „გორგია“ და სხვა.