შალვა პაპუაშვილი: პირველად იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია, გვინდა, რომ რაც შეიძლება საზეიმო განწყობა იყოს და პომპეზურობასთან ერთად, მას ჰქონდეს კლასიკური დანიშნულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამზადისის პროცესს გაეცნო.

დარბაზი უკვე გაფორმებულია ეროვნული სიმბოლიკით, გამოფენილია სახელმწიფო დროშა, განთავსებულია სპეციალური ტრიბუნა, რომელზეც დატანილია სახელმწიფო გერბი. დიზაინში ასევე შესულია საახალწლო ელემენტები, რამდენადაც ინაუგურაციის ცერემონია ახალ წლამდე ორი დღით ადრე, 29 დეკემბერს გაიმართება.

„პირველად იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკების საუკეთესო ტრადიციაა. ჩვენთან ეს პირველად მოხდება. გვინდა, რომ რაც შეიძლება, საზეიმო განწყობა იყოს და პომპეზურობასთან ერთად მას ჰქონდეს ის კლასიკური დანიშნულება, რაც გულისხმობს მის ოფიციალურ ნაწილს, სადაც საარჩევნო კოლეგიის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდება პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სპეციალურად ამ დღისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დაიბეჭდა.

„შემდეგ ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ისტორიას შევქმნით. გავა წლები, ათწლეულები, ასწლეულებიც და ეს იქნება ის ორიგინალი, რომელზეც ყველა პრეზიდენტი დადებს ფიცს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ასევე იხილეთ