ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა და ოპოზიციის მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქართული ჟურნალისტიკა. თითქმის აღარ არსებობს მიუკერძოებელი მედიაგამოცემა და ტელეკომპანიები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიის პროპაგანდის შტაბად ჩამოყალიდნენ. საქართველოში მედიის მდგომარეობაზე „რეპორტიორს“ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ბონდო მძინარაშვილი ესაუბრა:
– ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პროცესები მნიშვნელოვნად აისახება მედიის მდგომარეობაზე. პოლიტიკურმა პოლარიზაციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მედია აქტიურად აღმოჩნდა ჩართული ამ მოვლენებში არა როგორც პროცესების უბრალოდ გამშუქებელი და მოსახლეობისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადად ტელევიზიები და ონლაინ მედიაგამოცემები არის მხარე. ეს სერიოზულად აზიანებს ჟურნალისტის როგორც პროფესიის რეპუტაციას და ანგრევს ჟურნალისტიკას მთლიანად. ფაქტობრივად ვხედავთ, რომ აქტიურმა პოლიტიკურმა პროცესმა ჟურნალისტები ერთმანეთს დააპირისპირა და პოლიტიკოსების მიერ ჟურნალისტების გამოყენებამ უკვე ფართო ინსტრუმენტალიზაციის სახე მიიღო. ეს ანგრევს ჩვენი პროფესიის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობას. წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ყველაზე სანდო პროფესია იყო ჟურნალისტი. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარ არის და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია მეორე ნაწილის მიერ მოწონებული ჟურნალისტები და მათ მიერ სატელევიზიო სტუდიებში მიწვეული სტუმრებიც. ეს მთლიანად აისახება პროფესიაზეც. შემდგომ, უკვე ჟურნალისტების ერთმანეთთან დაპირისპირება გადმოდის საზოგადოებაზე.
– თქვენი აზრით, გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ჟურნალისტების მეშვეობით საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას?
– ჩვენ ვხედავთ, ტელევიზიებში როგორ შუქდება პროცესები. აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც თავის დროზე ითვალებოდა, რომ იყო ფაშიზმისა და ბოლშევიზმის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვის, დღეს სრულად არის წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ მედიასაშუალებები, ცალკეული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგის აგიტაციას და მათი მიზნების შესაბამისად გაამრუდონ სიმართლე, დამალონ ნამდვილი ფაქტები.
– როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება, რის გაკეთება შეიძლება ამის შესაჩერებლად?
– უპირველესად საზრუნავია ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი პროფესიის პრესტიჟს და გავიაზროთ ის, რომ ჩვენი პროფესიის უპირველესი ვალდებულებაა, საზოგადოებას მივაწოდოთ მიუკერძოებელი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია ობიექტური ვერ იქნება, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკითხებისადმი სუბიექტური დამოკიდებულება, ამისთვის არსებობს საავტორო გადაცემები, რომელშიც შეუძლია წამყვანს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სტუმართან საუბრისას ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. მაგრამ არსებობს საინფორმაციო გამოშვებები, რომელშიც არ შეიძლება, მხარეები არ წარმოაჩინო და ცალკეულ მხარეს მიანიჭო უპირატესობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსების დამოკიდებულებას ცალკეული ჟურნალისტებისა და წამყვანების მიმართ, დამოკიდებულებას მედიასაშუალებების მიმართ, ვისმენთ განცხადებებს ამა თუ იმ მედიაგამოცემის აკრძალვის, მათთვის მიუღებელი ტელეკომპანიების დახურვის შესახებ, ეს არის კატასტროფა, როდესაც საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს (გნებავთ პოლიტიკოსი იყოს და გნებავთ უბრალოდ ცნობადი სახე) და აცხადებს, რომ მომავალში სასურველი იქნება, მისთვის რომელიმე მედიასაშუალება დაიხუროს. არც ერთი ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ წაადგება საზოგადოებას სასიკეთოდ. არ შეიძლება, ამაზე მედიასაშუალებები თვალს ხუჭავდნენ, თავს იტყუებდნენ, თითქოს არაფერი ხდება. საბოლოო ჯამში ყველანი ვხვდებით, რომ ეს აისახება ჟურნალისტების ურთიერთდამოკიდებულებაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამენეჯერები მათ მიერ დასაქმებულ ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ. ვიღაც დღეს მუშაობს ერთ მედიასაშუალებაში, ვიღაც მეორეში, ხვალ შეიძლება გაცვალონ ადგილები და სხვა მედიასაშუალებაში გადავიდნენ სამუშაოდ, არ შეიძლება ჟურნალისტებს შორის დაპირისპირების შექმნა. ამიტომ, ვთხოვ ჟურნალისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ურთიერთდაპირისპირებისა და ერთმანეთის ლანძღვისგან. არც ერთ პოლიტიკოსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა არ ღირს იმად, რომ ჟურნალისტები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ.
– ბოლო წლებში ასევე თვალშისაცემია ჟურნალისტების არაკვალიფიციურობა და არაკომპეტენტურობა. აქაც ფარული ხელის ბოროტ ზრახვებთან ხომ არ გვაქვს საქმე, როდესაც გამოუცდელ რეპორტიორებს ჰყოფნით სითამამე, ფართო საზოგადოებას დეზინფორმაციაც კი მიაწოდონ?
– მედიასაშუალების დაფუძნების უფლება დღეს აქვს აბსოლუტურად ყველას. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზიების გაცემის უფლებამოსილება ჩამოერთვა და დაფუძნდა ციფრული მაუწყებლობა, საქართველოში ყველას მიეცა ტელევიზიის გახსნის უფლება, მანამდე ყველას ჰქონდა გაზეთის გამოცემისა და ახალი ამბების სააგენტოს დაფუძნების უფლება. ამ შემთხვევაში, ჩვენი პროფესიის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუბრალოვდა და აღმოჩნდა, რომ ყველას, ვისაც უჭირავს მიკროფონი, დიქტოფონი ან შეუძლია რაღაც ინფორმაციის გამოქვეყნება რომელიც სააგენტოზე, ირქმევს ჟურნალისტს. ყველას შეუძლია კლინიკის გახსნა, მაგრამ არ შეგვიძლია იმ კლინიკაში დავასაქმოთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, არ აქვს გავლილი რეზიდენტურა, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, არ აქვს ლიცენზია. მე იმას არ ვამბობ, რომ ახლა ყველა მედიასაშუალება ვალდებული გახდეს, რომ აუცილებლად ლიცენზირებული ჟურნალისტები ჰყავდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ ჟურნალისტებს ელემენტარული კვალიფიკაცია არ აქვთ. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მუდმივად ისმის ტელევიზიიდან კითხვა: – შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, დაითხოვოს პარლამენტი? ეს არის ისეთი შეკითხვა, რომელსაც პასუხს სცემს საქართველოს კანონმდებლობა. სხვადასხვა პოლიტიკოსებისთვის მუდმივად ამ კითხვის დასმის ნაცვლად ჟურნალისტებს რომ ჩაეხედათ კანონმდებლობაში, ნახავდნენ, რომ პრეზიდენტს ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს კონკრეტულ შემთხვევებში. მაგალითად, როდესაც უფლებამოსილება უწყდება მოქმედ პარლამენტს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ვერ ამტკიცებს მთავრობას. იმავდროულად, პრეზიდენტს შეუძლია ახალი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილება იწურება, ან ახალარჩეული პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებულ შემაჯამებელ ოქმს ვერ გამოსცემს ცესკო. ჩვენ ვნახეთ პროვოკაცია ცესკო-ს სხდომაზე, როდესაც შემაჯამებელი ოქმი უნდა მიეღოთ (ცესკო-ს თავმჯდომარეს ნაციონალების წარმომადგენელმა სახეში მელანი შეასხა). ასევე, როდესაც სასამართლო გააუქმებს საარჩევნო უბნების გარკვეული ნაწილის შედეგებს, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარებულად ვერ ჩაითვლება, ან იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების არჩატარებულად ცნობის შესახებ. წესით, ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა იცოდეს და შეკითხვები აღარ უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
– იქნებ მიზანიც ის არის, რომ მარტივად წასაკითხი კანონების ნაცვლად ჟურნალისტმა საზოგადოებაში გააჩინოს საპირისპირო მოლოდინები და შექმნას არარსებული პრობლემის იმიტაცია?
– ჩვენი საზოგადოების დეზინფორმირებისთვის პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ სწორედ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც არ ჰყოფნით ცოდნა, კომპეტენცია და კვალიფიკაცია. შესაბამისად, შემდგომ უკვე, მმართველი თუ ოპოზიციური ძალის პოლიტიკოსების მხრიდან ხდება ჟურნალისტების დისკრედიტაცია და დაცინვა იმის გამო, რომ ისინი არაკვალიფიციურ კითხვებს სვამენ. მეორე საკითხია აბსოლუტური მიკერძოებულობა. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში, თუ როგორ ვითარდება პროცესები საპროტესტო აქციებზე 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში. ვხედავთ, როგორი ძალადობაა აქციის მონაწილეების მხრიდან, რასაც შემდგომ მოჰყვება საპასუხო ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ასევე, ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს მხოლოდ ხელისუფლებას სახელმწიფო წონასწორობის შესანარჩუნებლად და არავის სხვას. ჩვენ ვხედავთ, რა ჩანს კადრში და გვესმის ჟურნალისტის ხმა კადრს მიღმა, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. ამის გაკეთება არ შეიძლება.
– ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში უყურებდა ძალადობრივ საპროტესტო აქციებს, ამ დროს, კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო სპონტანური პროტესტი და მათ უკან არ იდგნენ პოლიტიკური პარტიები. ამაში საკუთარ ტელემაყურებელს არწმუნებდნენ ოპოზიციური არხებიც. რამდენად დასაჯერებელია ყოველივე ეს?
– შემდგომ ხომ აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი პარტიის ოფისში დიდი რაოდენობით პიროტექნიკა ინახებოდა? მერე პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ თურმე ეს პიროტექნიკა უბრალო მაშხალებია და ისინი ადამიანს არ აზიანებს. რა თქმა უნდა, ამის განხორციელებას არ ვაპირებ, მაგრამ ასეთი სურვილი გამიჩნდა, რომ ამეღო პიროტექნიკა და რომელიმე პოლიტიკოსისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ მაშხალები არის უსაფრთხო, მივსულიყავი და მისთვის სახეში მესროლა და მეთქვა: – გილოცავ ახალ წელს! ერთი დავინახავდი, როგორ ხასიათზე დადგებოდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილს, რომელიც პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა, მიუშვირა პიროტექნიკა და სახეში ესროლა. რომ არა კამერა, რომელმაც ფაქტობრივად გადაარჩინა ოპერატორი, ცეცხლის ბურთი მას სახეს მთლიანად დაუწვავდა და თვალებსაც ამოუწვავდა. ვინ აგებდა ამაზე პასუხს?! ჩვენ ვნახეთ არაერთი საპროტესტო აქცია წლების განმავლობაში, როგორ დაზიანდნენ და დაზარალდნენ ადამიანები. ამ საპროტესტო აქციებზეც წინასწარ იყო დაგეგმილი ძალადობა, სხვა შემთხვევაში, ნოემბრის დამლევს არავინ ყიდულობს უამრავი რაოდენობით პიროტექნიკას. საახალწლოს პიროტექნიკას ხალხი ყიდულობს მცირე რაოდენობით, იმისთვის, რომ 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე გაისროლონ. ნოემბრის დამლევს ასიათასობით პიროტექნიკას არავინ ყიდულობს და ოფისებში არ აწყობს.
– საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს არ უზრუნიათ თუნდაც მათივე მხარდამჭერი ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „საკრალური მსხვერპლი“ შესაძლოა რომელიმე ჟურნალისტი გამხდარიყო?
– აბსოლუტურად არავინ, მათ შორის, არც აქციის ორგანიზატორების მხარდამჭერი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტორეპორტიორები არ იყვნენ გაფრთხილებულები, თუ რა ფორმა ექნებოდა აქციას, ფაქტობრივად, ჟურნალისტები დარჩნენ დაუცველები იმ სივრცეში, როდესაც აქციის აგრესიული მონაწილეები იყვნენ დაცულები. ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნები, რასაც უკვე შემდგომ დღეებში ისინი იყენებდნენ. მართლა ყველა ფიქრობდა, რომ ეს აქციები იქნებოდა მშვიდობიანი, როგორიც დღეს არის, როდესაც არც ჩაფხუტები სჭირდებათ ჟურნალისტებს და არც თავის დაცვის სხვადასხვა საშუალებები. ესეც არის ამ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ასევე, მინდა აღვნიშნო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ის, რაც მოხდა გურამ როგავასთან დაკავშირებით, ჩვენ დავინახეთ, რომ თითქმის 15-20 სმ დააკლდა, რომ გურამ როგავა უბრალოდ იმ მომენტში დაღუპულიყო. ის იმ პარაპეტს მთელი ძალით რომ შეხეთქებოდა თავით, რა თქმა უნდა, კისერში გადაიმტვრეოდა. ამიტომ, ასეთ დროს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებსაც სჭირდებათ სერიოზული მომზადება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. მით უფრო, რომ ჟურნალისტი იმ მომენტში მიკროფონით იყო. ასევე, კატასტროფული იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტი. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი სიკვდილს გადაურჩა, ასევე ოპერატორი, რომელსაც წიხლებით შედგნენ. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. თუმცა, ყველას გვესმის, რომ ძალადობრივი აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მსგავსი აქციები ტრაგედიით არ დასრულდეს. ტრაგედიები აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთშიც ხდება, აშშ-შიც და ყველგან, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული ცოდნა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს აქციები, ისევე, როგორც ომის ჟურნალისტიკა არსებობს. ყველა ჟურნალისტი ვალდებულია, აღმნიშვნელი ატრიბუტიკა ჰქონდეს. კიდევ ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად საუბრობენ და რომელი მოსაზრების გავრცელებასაც აქტიურად უწყობენ ხელს ჟურნალისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართ გარკვეული ინდულგენციები. არავის არ აქვს ინდულგენცია, ვინც უნდა იყოს. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ აუცილებელია, ეს იყოს სამართლიანი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველას მიმართ სამართლიანობა და არა ცალკეული ადამიანების მიმართ ინდულგენციების გაცემა, რადგან ისინი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან.
– ასევე მინდა შევეხოთ არასრულწლოვანების გამოყენებას პოლიტიკურ პროცესებში. აქაც საქმე ჟურნალისტების არაკომპეტენტურობასთან გვაქვს?
– არსებობს სტანდარტი, რომ არასრულწლოვანის სახის ჩვენება კადრში არ შეიძლება, თუ არ არის სპეციალური საბავშვო გადაცემა ან სიუჟეტი რომელიმე ბავშვზე. დღეს ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტები დიდი სიამოვნებით აჩვენებენ ტელეეკრანებზე, როდესაც არასრულწლოვანები პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებენ. ეს არის კატასტროფა. ძალადობრივი ხასიათის საპროტესტო აქციებზე სკოლის მოსწავლეების ადგილი არ არის. მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველანი.
– ბოლო დღეებში ჩვენ ასევე ვიხილეთ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის მიმართ აგრესიული მოქალაქეების თავდასხმები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრის ფაქტი…
– საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ქვეყანაში არის ერთადერთი მიუკერძოებელი ტელევიზია. ამას ვამბობ არა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არამედ, როგორც მაყურებელი. ტელევიზიები გადაქცეული არიან პოლიტიკური პარტიების აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებებად. საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა დღეს ნიშნავს საზოგადოების ინტერესებზე თავდასხმას და საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვის მცდელობას. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს საზმაუწყებელს უპირისპირდება, თავად იყო ჩართული „მაუწყებლის შესახებ კანონის“ მიღების პროცესში. დღეს ეს ადამიანები ცდილობენ. საზმაუწყებლის დღის წესრიგი დაადგინონ და შინაარსში შევიდნენ. ეუთო/ ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მიუკერძოებლად აშუქებდა საზმაუწყებელი. თუ ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება უფრო მეტად შუქდებოდა, რა არის გასაკვირი? საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში უარს ვერ იტყოდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებაზე. ეს ესმის ეუთო/ოდირსაც, სწორედ ამიტომ მათ დასკვნაში პოზიტიურად არის შეფასებული „1ტვ“-ს მაუწყებლობა. შეიძლება დღეს ვიღაცას არ მოსწონდეს ისიც, რომ ოპოზიცია უფრო მეტად არის წარმოდგენილი მაუწყებლის ეთერში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ აქციებს ოპოზიცია მართავს, მათი გაშუქების დროს ოპოზიცია იქნება წარმოჩენილი. ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვის, მაგრამ მიუღებელია მაუწყებლის ჟურნალისტებზე თავდასხმა.