ლადო ბოჟაძე: ვისაც სურს, რუსეთს სანქციები დაუწესოს, საკუთარი პროდუქცია აღარ გაიტანოს, ან აღარ შემოიტანოს

არჩევნებში გამარჯვებულმა ოპოზიციური პარტიებმა საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩი“. უარი მხოლოდკოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროაპარტიამ განაცხადა. ნიშნავს თუ არა დაფინანსების მიღება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარებას, ამ და სხვა აქტუალურ თემაზე ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმავლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

-უნდა ითქვას, რომ გუშინ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აღიარა არჩევნების შედეგები. იცით, რომ არჩევნების შედეგებით სულ 7-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, ანუ ყველამ, ვინც გადალახა 1%-იანი ბარიერი. მათ შორის არის ის 4 პოლიტიკური პარტია – რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ერთი მხრივ საკუთარ თავს ბარიერგადალახულს უწოდებს (ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს), მეორე მხრივ ამბობენ, რომ არ უნდათ პარლამენტის წევრობა და ზოგ შემთხვევებში განცხადებებიც დაწერეს. მაგალითად, გახარიას პარტიას არ წარმოუდგენია განცხადება. ისმის კითხვა, თუ არ ხარ პარლამენტის წევრი, რატომ ითხოვ უფლებამოსილების შეჩერებას? ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარებ იმ არჩევნების შედეგებს, რომელთაც პარლამენტის წევრად იყავი არჩეული, ასეთი 61 დეპუტატია ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში წარმოდგენილი და მესამე, ყველაზე მთავარი – 26 დეკემბერი იყო ბოლო ვადა, როცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ უარი ეთქვათ სახელმწიფო დაფინანსებაზე,  ეს არ გააკეთეს, გააკეთა მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ყოფილიყო სხვებისგან. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა ნიშნავს არჩევნების არა მხოლოდ აღიარებას, არამედ აღიარებას ერთი საარჩევნო ხმის დონეზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის მიხედვით, დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული ხმების რაოდენობაზე. წარმოიდგინეთ, რომ ერთი ხმის დონეზეც კი აღიარეს არჩევნების შედეგები, დათანხმდნენ იმ დაფინანსებას, რომელიც მათ კანონის მიხედვით ეკუთვნით და რომელიც სწორედ ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან გამომდინარეობს.

როდესაც პარტიები არც დაფინანსებაზე ამბობენ უარს და არც პარლამენტში შედიან სამუშაოდ?

– გახსოვთ 2020 წელს როგორ განვითარდა მოვლენები, თითქმის 7 თვის განმავლობაში ისინი პარლამენტში არ შემოსულან, თუმცა შემდგომ შემოვიდნენ და წინა თვეების ანაზღაურებაც კი მოითხოვეს. მაშინაც სახელმწიფოს მოუწია მათთვის იმ ხელფასების გადახდა. ახლაც, 25 ნოემბრიდან ყველა დეპუტატს ეკუთვნის ხელფასი, მათი უფლებამოსილება ვცანით პირველივე სხდომაზე. ალბათ, გაზაფხულზე ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ. გუშინდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტიების მხრიდან ნიშნავს, რომ აღიარეს არჩევნების შედეგები. რამდენად კეთილსინდისიერია მათი მხრიდან ისაუბრონ გაყალბებულ არჩევნებზე, ან ისევ თქვან, რომ ნდობას არ უცხადებენ არჩევნების შედეგებს, საზოგადოება შეაფასებს. 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტის რეჟიმში იყო, იღებდნენ ხელფასებს, დადიოდნენ საზღვარგარეთ მივლინებებში. ყველა მივლინებაში იყვნენ საზღვარგარეთ, თუმცა არც ერთ საკომიტეტო და სასესიო მუშაობაში ჩართულები არ ყოფილან. შესაძლოა, მომავალი წლების განმავლობაშიც ასეთი სამუშაო რეჟიმი აირჩიონ. საინტერესოა, რას ეტყვიან საკუთარ ამომრჩეველს, ვინც მთელი ერთი თვის განმავლობაში ქუჩაში ჰყავთ, მარშებს, აქციებსა და პერფორმანსებს აწყობინებენ.

– დაფინანსების საკითხის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციური პარტიები, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

-ის რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ იქიდან, რომ გახარიას პარტიის წევრებმა განცხადებები არ დაწერეს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნაზე. ასევე, სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. ერთიანობა, რომელიც მათ სურდათ წარმოეჩინათ საზოგადოების თვალში, რომ თითქოს მათ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლიათ და ერთიანი ხედვა ექნებოდათ, ეს მითიც დაიმსხვრა. ვნახეთ პარტიების დაფინანსების საკითხმა როგორი დაპირისპირება გამოიწვია მათ შორის. ხაზარაძე უსვამს გვარამიას კითხვას, რომ თუ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ამბობ, რა თანხებით აპირებ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებასო? ეს კრიზისი ოპოზიციაში კიდევ უფრო გაღრმავდება, იმიტომ, რომ გამოჩნდება კიდევ საკითხები, რაშიც მათ ერთიანი პოზიცია არ და ვერ ექნებათ. როცა ასეთ ელემენტარულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან და ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორ აპირებდნენ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში თანამშრომლობას? ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება.

-29 დეკემბერს იწურება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა, თქვენი აზრით, როგორ განვითარება მოვლენები?

– ფაქტობრივად ერთი სამუშაო დღე აქვს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენილი. 29 დეკემბერს 11 საათზეა დანიშნული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და უკვე ამ მომენტიდან ის აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეყოფა გონიერება და არ დაუჯერებს რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც უნდა ვადაგასული პრეზიდენტი მაინც იხილოს პრეზიდენტის სასახლეში და რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს სასახლე, როგორ ლეგიტიმური ნაწილი. ევროკავშირის ქვეყნების არაერთმა ლიდერმა, იგივე კაია კალასმა, რობერტო მეცოლამ განაცხადეს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოსო. სინამდვილეში არაფერიც არ შეიცვალა. თუმცა ეს თარიღი თავად მათ დაასახელეს. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ევროპელი ლიდერების იმედი 29 დეკემბრამდეც და მერეც.  ყველაზე კარგად ზურაბიშვილი აცნობიერებს იმას, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის იქნება ყოფილი პრეზიდენტი. თუ მიხეილ სააკაშვილივით ინაუგურაციის დღეს ქვეყნიდან გაქცევას არ დააპირებს და დარჩება საქართველოში, გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, კარგი იქნება. რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობაში პრეზიდენტის პოსტი თუ რამეში უშლიდა ხელს, ესეც მისთვის უკვე აღარ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. სასახლის ბლოკირება, პიკეტირება, ახალი პრეზიდენტის შიგნით არ შეშვება კი,  სისხლის სამართლის დანაშაულია.

 მომღერლების ნაწილი საუბრობს, რომ ანტიეროვნულია მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო კონცერტებზე არ იმღერონ. რა მიზანი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მოწოდებებით გამოირჩევიან?

-ჩვენ ვნახეთ როგორ ამუნათებდა ოპოზიცია ბიზნესს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მოუწოდებდნენ სახელმწიფო თეატრების მსახიობებს არ აეღოთ ხელფასები და მეორე წუთში თავად დათანხმდნენ დაფინანსების მიღებას. ესეც იმ პროცესის ნაწილია, რასაც ჩვენ მაიდანს ვეძახით. ერთი სცენარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაამუნათონ და ჩაითრიონ თავიანთ პროტესტში, ხოლო მაქსიმალურად დააბულინგონ ის ადამიანები, რომლებსაც მათგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. გახსოვთ, რომ 2011 წლის 26 მაისს მართლა სისხლით იყო მორწყული რუსთაველი, გადარეცხეს და იქ იცეკვეს და იმღერეს ზოგიერთმა ანსამბლებმა და მომღერლებმა, ახლა აღმოჩნდა, რომ წინასაახალწლოდ აღარ ეცეკვებათ და ემღერებათ. როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ახალ წელს, მიუხედავად რელიგიისა, რწმენისა და ა.შ, ომის დროსაც კი (უკრაინაში ახლაც კი იმართება საახალწლო ღონისძიებები), როგორ შეიძლება, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ თბილისში არ ჩატარდეს საახალწლო ღონისძიებები. ბავშვებს წაართვა ახალი წელი. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საახალწლო ღონისძიებები, თბილისში კი ბავშვებს არ უშვებენ ნაძვის ხესთან. საკუთარი კოლეგების დამუნათება ჩვეულებრივი ბოლშევიზმია. დარწმუნებული ვარ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება.

  – ბიზნესმენებს შეხვდა პრემიერმინისტრი, როგორც გამოიკვეთა ისინი თავს არიდებენ კობახიძესთან პირდაპირ ეთერში დებატებს და დასჯერდნენ დახურულ კარს მიღმა დიალოგს. როგორ ფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს თუ არა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები?

– ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მთავარი მონაპოვარია და რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ბიზნესის თავისუფლად კეთება, არამედ ის, რომ ბიზნესი არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მათ შორის, პარტიების დაფინანსების საკითხში. იცით, რომ ბიზნესმენები ღიად და საჯაროდ უჭერენ მხარს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, აფინანსებენ და არც ერთ მათგანს სახელმწიფოს მხრიდან პრობლემა არ შეჰქმნია და არც შეექმნება. ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი.  ის, რომ ოპოზიციამ ბიზნესი წინა პლანზე წამოსწია და ბიზნესს პოლიტიკური მოთხოვნები დააყენებინა, ესეც კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუებაა. ყველა ბიზნესმენი, რომლებმაც ასეთი განცხადებები გააკეთეს, მეტ-ნაკლებად არიან დაკავშირებულნი ხაზარაძესთან და მის სხვა ბიზნესპარტნიორებთან. ფაქტობრივად საკუთარ ბიზნესს გააკეთებინეს განცხადებები გაფიცვის თაობაზე, თუმცა რეალურად არ გაფიცულან. ისინი არ თანხმდებიან დახურული შეხვედრის შემდგომ პრემიერთან ღია ფორმატში საუბარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ამოძრავებს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი და არა წუხილი, რომ ბიზნეს რაიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს. ბიზნესის დიდი ნაწილი რეალურად საქმიანობს რუსეთში, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით და სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდნენ რუსეთში. თუ ვინმეს უნდა რუსეთს სანქციები დაუწესოს, საკუთარი პროდუქცია ან აღარ გაიტანოს რუსეთში, ან რუსეთიდან აღარ შემოიტანოს და ამით გამოხატონ პროტესტი. დაახლოებით 30 000 ბიზნეს სუბიექტია საქართველოში და მხოლოდ 1%-ი – 2 300 შეუერთდა იმ წერილს, თუმცა არც ერთ მათგანს საკუთარი ბიზნესი არ გაუჩერებია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან. მზად ვართ ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, საუბრისთვის. უმაღლესი განათლების დიპლომებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით გაავრცელეს კიდევ ძალიან დიდი ტყუილი, მზად ვართ შევხვდეთ ახალგაზრდებს.

 რატომ გადაწყდა მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაცია პარლამენტის შენობაში, ხომ არ ელოდებით ვითარების ესკალაციას ორბელიანების სასახლესთან?

– პარლამენტის სასახლეში პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარება, ესეც ერთგვარი ტრადიციაა, მათ შორის, ევროპულ სახელმწიფოებში. საქართველოში პრეზიდენტის ფუნქცია კონსტიტუციით არის მინიმალური და უკვე სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, შესაბამისი იქნება ინაუგურაციის ღონისძიებაც. უკრაინის პრეზიდენტის – ზელენსკის ინაუგურაციაც რადას შენობაში ჩატარდა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ეცდება ეს პროცესებიც სათავისოდ გამოიყენოს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგშიც კი, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა ჩვენს ხალხს. არ მგონია საზოგადოების მხრიდან ამ პროცესში მათ რაიმე ტიპის მხარდაჭერა ჰქონდეთ.

 

ასევე იხილეთ