კახა კალაძე GFF Awards 2024-ს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას – GFF Awards 2024-ს დაესწრო.
დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მიერ წელს მოპოვებული წარმატებების გამო.
„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს ვეტერანებს და პირველ რიგში, მადლობა გითხრათ თქვენ, რადგან ქართული ფეხბურთის წარმატება დაიწყო თქვენგან, თქვენი წინა თაობიდან. მე პირადად თქვენს თამაშებზე გავიზარდე და ის, რომ სპორტში წარმატებას მივაღწიე, თქვენი დიდი დამსახურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვდივართ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენ პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე და ეს იყო თითოეული ქართველის ოცნება. მე, როგორც სპორტსმენს, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა შესაძლებლობა, გავსულიყავი ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა გულშემატკივრის როლში ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და აჩვენა საუკეთესო ფეხბურთი. უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოს ნაკრებს ჩვენს საზღვრებს გარეთ.
ლევან კობიაშვილი საუბრობდა 2015 წელზე და მართლაც მე პირველივე დღიდან მის გვერდით ვდგავარ, იმ გუნდის გვერდით, რომელმაც დადო კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ფეხბურთის განვითარება. წარმატება, რომელიც მივიღეთ, მარტივად არ მოსულა. ამის უკან იყო რთული წლები, იყო ბევრი იმედგაცრუებაც, ნიჰილიზმიც, მაგრამ არასდროს დაგვიკარგავს იმედი, რადგან, ძალიან კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა, რა იყო პრობლემა, რა იყო გამოსასწორებელი და საით მივდიოდით. როდესაც ხარ ამ განწყობით და იბრძვი, ყოველთვის მიიღებ შედეგს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თანამედროვე ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილი აქვს შეტანილი.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, აუცილებლად მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყოველმხრივ გვერდით დაუდგა ჩვენს ბიჭებს და გამოხატა თავისი მადლიერება იმ წარმატებული თამაშებისთვის, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა. მახსოვს წლები, როდესაც ჩვენ ჩამოვდიოდით და ვთამაშობდით, ფეხბურთის გარდა ყველაფერზე გვიწევდა ფიქრი. იყო ასეთი ვითარება, მაგრამ დღეს, როდესაც ფეხბურთელები ჩამოდიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ ითამაშონ საუკეთესო თამაში და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. სხვა საფიქრალი არ აქვთ. ამისთვის მადლობა ლევან კობიაშვილს და ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი მხრიდან გექნებათ მხარდაჭერა და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს წარმატებული. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, ასევე, გულშემატკივარს, ადამიანებს, რომელთაც ბოლო თანხები დახარჯეს იმისთვის, რომ გერმანიაში ჩამოსულიყვნენ და ეროვნული ნაკრებისთვის ექომაგათ. წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება გველოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თბილისის მერს საჩუქრად სამახსოვრო მაისური გადასცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.