ლალი მოროშკინა: 35 ყველაზე მდიდარი რესტორანი მოსკოვში დღეს ქართულია
ხელისუფლებამ გაასაჯაროვა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით დიდ შემოსავლებს იღებენ და პარალელურად „ქართულ ოცნებას“ მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა. ირკვევა, რომ თავად ამ კომპანიებს საკმაოდ დიდი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ჟურნალისტთა ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები განიხილა და ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე ისაუბრა.
– დღეს, როდესაც ავტობანის მშენებლობა სრულდება, როდესაც მოლაპარაკებაა ღრმაწყლოვან პორტზე, როდესაც ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რეალურად კავკასიის ეკონომიკური ჰაბი ვხდებით, რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობა არის იმ დასავლელი ლობისტების ინტერესებში, რომლებიც სააკაშვილის ხელიდან იკვებებოდნენ და დღემდე იკვებებიან. სწორედ ამის გამო არის მათთვის მიუღებელი „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მან უარი თქვა ლობისტებზე. 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა საქართველოს მთელი რესურსები, სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს, ზუსტად მაშინ, რამდენიმე ბიზნესმენმა ითხოვა რუსეთთან კავშირი იმისთვის, რომ თავისი საქონელი შეეტანათ რუსულ ბაზარზე, ასე აღმოჩნდა რუსეთში „ნაბეღლავი“, „თბილღვინო“, „კოკა-კოლა“ და 100-ზე მეტი სხვა კომპანია, რომლებიც დღეს რუსულ ბაზარზე ოპერირებენ. რუსეთში ძალიან კარგად მუშაობს ქართული რესტორნების ბიზნესი. 35 ყველაზე მდიდარი რესტორანი მოსკოვში დღეს ქართულია. ამ სარესტორნო ბიზნესის უმეტესობის უკან დგანან ის ნაციონალები, რომლებიც აფინანსებენ ოპოზიციის დესტრუქციულ აქციებს თბილისში. გვახსოვს, როდესაც ჩვენმა სამართალდამცველებმა დააკავეს ადამიანები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცეცხლს უკიდებდნენ ჩვენს პოლიციელებს, იმ დაკავებულთა შორის 8-9 ადამიანი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ისინი ასრულებენ იმ ნაციონალების დავალებას, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ძალიან დიდი ბიზნესები აქვთ. სხვათა შორის, ძალიან რომ უყვარს ჩვენს კვაზი ელიტას სასტუმროები, მათი ფილიალები და სათავო ოფისები მოსკოვშია. როგორ წარმოვიდგინო, რომ ეს არ იციან.
– საზოგადოებამ იხილა იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით დიდ შემოსავლებს იღებენ და პარალელურად ოპოზიციის დესტრუქციულ აქციებს უჭერენ მხარს…
– მამუკა მდინარაძემ გამოაქვეყნა სწორედ ეს სია და ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, ნახონ, ვინ არიან ის ბიზნესმენები, ვისაც მოსკოვში აქვთ ბიზნესი. კარგია, რომ ჩაუვარდათ შოუ-ბიზნესის გაფიცვა და 3-4 მომღერლის გარდა არავინ აჰყვა ამ სისულელეს. ვხედავთ დღეს, რომ საქართველოში ნაძვის ხეებიც აინთო და ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში. 25 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა „ლიდერ ქალთა კლუბის“ მე-10 თავყრილობა. 2015 წელს დავიწყეთ და დღეს კლუბში უკვე 10 000-ზე მეტი ბიზნესმენი ქალია გაერთიანებული. ეს იყო მაშინ, როდესაც საშუალო სქესის ქალების მცირე ჯგუფი დაბოდიალობდა რუსთაველზე და იჩემებდნენ, რომ ისინი არიან „ქალთა მარში“. ველოდებოდით, რომ ჩვენთან შემოვიდოდნენ და ძალიან ბევრი კითხვა გვექნებოდა მათთან, მაგრამ ვერ გაბედეს. ბიზნესმენი ქალები, რომლებიც დღეს ვქმნით საქართველოს ეკონომიკურ-მატერიალურ ბაზას, აქ ვართ. ყველას უნდა, დაეუფლოს „სიცოცხლის გზას“, რომელიც არის დღეს საქართველოში წარმოდგენილი „შუა დერეფნის“, „აბრეშუმის ახალი გზისა“ და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების სახით. ფაქტია, რომ ჩვენ ვიქნებით ეკონომიკური ჰაბი. ისიც ფაქტია, რომ ძალიან შეწუხდნენ ბიზნესმენები და შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, იმიტომ, რომ დაცარიელებულია სასტუმროები, წელიწადის ამ დროს ჯავშნებს ვერ ავუდიოდით, დღეს კი, აღარ შეიმჩნევა ტურისტების ნაკადი. ბიზნესის დიდ ნაწილს საქართველოში დღეს ტურიზმი კვებავს. როდესაც ხალხს აქეზებდნენ ქუჩაში გასვლისკენ, უნდა სცოდნოდათ, რომ დაცარიელდებოდა ტურისტებისგან ქვეყანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვპასუხობთ იმ ლობისტებს, რომლებსაც არ გამოუვიდათ საქართველოში მეორე რევოლუცია, – აუცილებლად შევხვდებით ახალ წელს ახალი პრეზიდენტით, მხარს ვუჭერს იმ კურსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აიღო 2012 წელს და ღირსეულად მოიყვანა ქვეყანა აქამდე ომის გარეშე, ეკონომიკური ორნიშნა ზრდით. აუცილებლად ჩვენ ხელში იქნება გასაღები, რომელიც დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
– ელოდებით, რომ 2025 წლიდან „ქართული ოცნება“ გადადგამს ნაბიჯებს რუსეთთან მოლაპარაკებისკენ?
-რუსეთის მხრიდან ამის მზაობა არის. როდესაც ადამიანი კეტავს კარს, იმ ადამიანს უნდა გამოართვა გასაღები, რომელმაც კარი დაკეტა. გასაღები დღეს კრემლში დევს. იმედია, ინტელექტუალურად ისეთი პატარა არავინ არის, რომ იფიქრონ ცხინვალშია ეს გასაღები ან სოხუმში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკება, შევუერთდეთ „3+3“ ფორმატს. ვნახოთ, პირველმა ვინ მიულოცა საქართველოს ახალ პრეზიდენტს გამარჯვება? ესენი იყვნენ: აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პრეზიდენტები. ჩვენ ვართ ერთი დიდი სამეზობლო, რომლებსაც გვმართებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. სხვანაირად, ის პროცესები, რომლებიც აქ იმართება, წაგვლეკავდა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ფატალურ შეცდომას არ დაუშვებს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი არ იქნება 29 დეკემბერს და არ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.
– რით არის განპირობებული, თქვენი აზრით, კრემლის პოზიციის ცვლილება საქართველოს მიმართ?
– ამ მხრივ რუსული პრესა რადიკალურად შეცვლილია, ვინც ადევნებს თვალს, დამეთანხმება. რამდენიმე ცენტრალურ არხზე მქონდა ინტერვიუ და პირად საუბრებშიც ამბობენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და დაახლოებით 1-2 წელიწადში ეს მიწები თქვენ დაგიბრუნდებათო. შარშან რომ მიხდებოდა პირდაპირ ეთერებში ჩართვა, რუსი პოლიტოლოგები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, თუმცა, წლეულს, როდესაც მქონდა მათთან პოლემიკა, აბსოლუტურად შეცვლილი აქვთ რიტორიკა. ჯერჯერობით, ნაკლებად საუბრობენ სამაჩაბლოზე. მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ახლოს იყვნენ და აკონტროლებდნენ სიტუაციას. ამ ფონზე დასავლელი ლობისტები ისევ შანტაჟს გვიწყობენ და ისევ უნდათ სამშვიდობო პროცესის შეჩერება. ახლა უკვე არ გამოუვათ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის ეს გუნდი ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ მას უნდა მშვიდობა. საქართველო აღარ ჩაერთვება სადღაც დადგმულ სპექტაკლებში.