ვატო შაქარიშვილი: ამ 3 ფარისეველ პარტიას 1 ხმაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ, ზუსტად იმ ოდენობის თანხას მოაწერეს ხელი

საზოგადოებრივი გაერთიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებით 26 ნოემბრის არჩევნების შედეგები აღიარეს იმ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალარჩეულ პარლამენტის არალიგიტიმურს უწოდებნენ, ხოლო არჩევნებს – გაყალბებულს. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“.

როგორც ვატო შაქარაშვილმა ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან 3-მა მოითხოვა საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც არის პირდაპირ მიბმული არჩევნების შედეგებზე და მისი მოცულობა განისაზღვრება მიღებული ხმების რაოდებონით.
მისივე თქმით, ამ სამ პოლიტიკურ პარტიას ერთი ხმაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ, ზუსტად იმ ოდენობის თანხას მოაწერეს ხელი, რამდენი ხმაც არის დაფიქსირებული მათთვის ცესკოს შემაჯამებელ ოქმში.

„ამ პარტიებმა, რომლებიც არჩევნების დელეგიტიმაციის მიზნით უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენს ქვეყანას არყევენ და პირდაპირ ეხვეწებიან გარე აქტორებს, დარბიან სხვადასხვა დერეფნებში, ახორციელებენ ზარებს, რომ არ ცნონ ახალი პარლამენტი, თავად აღიარეს არჩევნები. თქვენ ნახეთ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას სთხოვა, არ ეღიარებინა საქართველოში ჩატარებული არჩევები. ამ ფონზე 3 დიდი დესტრუქციული ოპოზიციური პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს ითხოვს რა საბიუჯეტო დაფინანსებას, რომლის გამოანგარიშება ხდება პირდაპირ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამ პოლიტიკურ ფარისეველ პარტიას ერთი ხმაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ. ზუსტად იმ ოდენობის თანხას მოაწერეს ხელი, (მილიონზე მეტ ლარს), რომლის გამოანგარიშებაც ხდება სწორედ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით. არა მხოლოდ ეს კონკრეტული ფაქტი არის დასტური იმისა, რომ საქმე გვაქვს ძალიან მასშტაბურ პოლიტიკურ ფარისევლობასთან, მთელ დასავლურ სამყაროში ეს პრობლემა არის დღეს, ასე იმართება, ასე იწარმოება პოლიტიკა. თუნდაც ის წარმოუდგენელი ცინიზმი, რაც ვიხილეთ ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ