top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: რუსეთ-უკრაინის ომი არის ისეთი პერსპექტივების მქონე, რომელმაც შეიძლება, ყველაფერი გააქროს დღის წესრიგიდან

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მიმართებაში არსებულ მოლოდინებზე და ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივაზე ისაუბრა. მან მოლოდინებთან დაკავშირებით მაგალითისთვის მოიყვანა კონგრესმენ ჯო უილოსნის, ასევე რამდენიმე ევროპარლამენტარის პოზიცია.

„შევაფასოთ თუნდაც, ჯო უილსონის დამოკიდებულება დღევანდელი სიტუაციისადმი. მარტო ეს ადამიანი არ არის, არიან კუბილიუსი, იუკნევიჩიანე და სხვები. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მოვა [ამერიკის შეერთებულ შტატებში] ახალი ადმინისტრაცია და იმ ახალ ადმინისტრაციაშიც თქვენ ძალიან ცუდად გექნებათ პირადი ურთიერთობები. ეს არა იმდენად უცოდინარობის გამომჟღავნებაა, რამდენადაც გათვლა, რომ ჩვენ ვართ უცოდინრები და გვგონია, რომ თუ რაღაც ძმაკაცური ხელის გადახვევა არსებობს, ეს არის მთავარი პოლიტიკაში.

აქ არის საუბარი ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე მშვიდობისა და ომის საკითხებთან მიმართებაში. კაცობრიობა უფსკრულის პირასაა, გადაიჩეხება, თუ დროზე არ შეჩერდა ეს სისხლისღვრა, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, ეს არის რეალობა, ამან უნდა შეაჩეროს ყველაფერი.

გადატვირთვა უნდა მოხდეს არა ორმხრივ ურთიერთობებში – ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას განაპირობებს პოლიტიკას გადატვირთვა ომიდან მოლაპარაკებაზე და თანამშრომლობაზე. თუკი იმ დონეს ვერ მიაღწევს თანამშრომლობა, მაგალითად ჩინეთსა და ამერიკას შორის, რომელიც ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის იქნება წარმოუდგენლად დიდი სიახლე, პროცესის დაწყება ჩვენთვის იქნება შვება. მხოლოდ ჩინეთზე არ არის საუბარი – რუსეთ-უკრაინის ომი არის ისეთი პერსპექტივების მქონე, რომელმაც შეიძლება, ყველაფერი გააქროს დღის წესრიგიდან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ