top_leaderboard

ირაკლი გოგავა: ბევრია ისეთი ქვეყანა, რომლებსაც საქართველოს სამაგალითოდ დასჯა უნდათ

გლობალური გამოწვევებისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოში კიდევ ერთი ეკონომიკური წელი მიიწურა. საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლის მიუხედავად, ქვეყანა 2025 წელს ახალი გამოწვევებით ხვდება. როგორი იყო გასული 2024 წელი და რას უნდა ველოდოთ მომავალი წლისთვის, რა სარგებელს და რისკებს შეიცავს საქართველოს მსგავსი მცირე ქვეყნისთვის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ამ და სხვა საკითხებზე რეპორტიორს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ესაუბრა.

– 2024 წელი, გარკვეულწილად, რთული წელი იყო. თვალს ვადევნებდით სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობას, რომელიც იყო ინსპირირებული უცხო ქვეყნებიდან მართული და დაფინანსებული მეხუთე კოლონის მიერ. როგორც პირველი, ისე სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, შესაბამისად, ახლა ე.წ. ოპოზიციამ უნდა ეძებოს გამოსავლის გზები. ადრე თუ გვიან, ისინი გადაწყვეტენ რომ შევიდნენ პარლამენტში, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ვნახეთ ისიც, რომ ოპოზიცია სახელმწიფო დაფინანსებას ხარბად დაეუფლა და ამის გამო, ერთმანეთში ქიშპიც კი მოუვიდათ. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია ჭაში ნაჯაჯგუნებ სათლს დაამსგავსა. მართალია, პოლიტიკურმა ლიდერებმა სცადეს, თვითონ კულისებში ყოფილიყვნენ და წინ „ფრანკლინის კლუბისა“ და სხვა ორგანიზაციების ახალგაზრდები დაეყენებინათ, მაგრამ მათი ყურები ყველგან ჩანდა. რეალობა ის, არის, რომ ეს პროტესტები ფაქტობრივად სულს ღაფავს. რამდენიმეკაციანი აქტივი ჰყავთ, რომლებსაც ხან ექიმებს არქმევენ, ხან ტექნიკოსებს, ხანაც შემდუღებლებს და მარშებზე დაატარებენ. საბოლოოდ, ქართულმა სახელმწიფომ გაიმარჯვა და დღეს ჩვენ გვაქვს უფრო დიდი სუვერენიტეტი, ვიდრე მანამდე გვქონდა. ამ პროცესებს ვაფასებ, როგორც ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტისთვის. 2004 წლიდან მოყოლებული საქართველო სრულ გარე მართვაზე იმყოფებოდა. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოდიოდა ან უცხოეთიდან, ან უცხოელებთან თანხმდებოდა – საელჩოებთან ან უცხო ქვეყნების სახელმწიფო უწყებებთან. ამიერიდან მსგავსი საჭიროება აღარ იქნება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, პირიქით, ეს საჭიროც არის, მაგრამ, როგორც იყო ადრე, ზევიდან ქვევით რომ გველაპარაკებოდნენ, ასე ვეღარ გაგრძელდება. ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. მომავალ წელს უნდა დაველოდოთ ქართული პროექტის – „საქართველოს განვითარების კონცეფციის“ ამოქმედებას, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა სფეროს რეფორმას. გარედან თავს მოხვეული ნეოკოლონიალური მოდელი ჩვენთვის არ არის სარგებლის მომტანი, არც მაგალითად, ენერგეტიკის სისტემის მოდელები, რომლებიც თავს მოგვახვიეს. სერიოზული რეფორმებია საჭირო. საქართველომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მოქნილად უნდა შეცვალოს მართვის სისტემები, დარგები.

-2025 წელი ასევე გვაქვს არჩევნების წელი. როგორ ხედავთ ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას უახლოესი 10 თვის განმავლობაში?

– დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტის მე-5 დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტექნოლოგიამ არ იმუშავა, სახელმწიფო მომზადებული შეხვდა ამ სცენარს. სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა ძალიან ეფექტიანად, კარგად და აბსოლუტურად პროპორციულად, ცალკეული გადაცდომები და 4-5 დასანანი ინციდენტი რომ არა, თავი გაართვეს გაცილებით უკეთ, ვიდრე ევროპელმა კოლეგებმა. ამ ე.წ. ოპოზიციას შეუძლია ზევით-ქვევით იარონ რამდენიმეათასიანი აქტივით, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, ქვეყანა წავა თავისი განვითარების გზით. ველოდები, რომ ტრამპის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აუცილებლად გაიმართება დიალოგი. მიუხედავად იმისა, რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მიმაჩნია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტის მოცულობა არ უნდა დათმოს.

– ელოდებით მსგავს დამოკიდებულებას ტრამპის ადმინისტრაციისგან?

– ტრამპის ადმინისტრაციისგან მე არ მოველი ლიბერალურ-ფაშისტურ წნეხს, პირიქით, უკვე გამოვიდა მისი მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი – რიჩარდ გრენელი, რომელმაც აღნიშნა რომ USAID-ის დაფინანსება გადასახედია, რადგან დიდი ნაწილი ხმარდება იდეოლოგიზებულ მუშაობას. მოიხსნება ლიბერალური ზეწოლა და ამ მიმართულებით დიდი გრანტები აღარ წამოვა. შემდეგი თემა იქნება უკრაინა. ტრამპი აცხადებს რომ ის შეეცდება უკრაინის ომის გაჩერებას, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენი რეგიონისა და საქართველოს თავზე. ამიტომაც დაიწყო ეს კონფლიქტი 2022 წლის მარტში, როცა საქართველოს მოსთხოვეს რუსეთის წინააღმდეგ აქტიური გამოსვლა და სამხედრო მოქმედებებში ჩართვა პარტიზანული ომების გზით. ეს 2 ფაქტორი შედარებით განეიტრალდება, დანარჩენი უკვე მოლაპარაკების საგანი იქნება. თავიდან იქნება ასაწყობი პარტნიორული ურთიერთობა, როგორც აშშ-თან, ისე ევროპის იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურობენ საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ევროპაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნებიც არის, ზოგი ღიად, ზოგი ფარულად გვიჭერს მხარს. თუმცა ბევრია ისეთი ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს სამაგალითოდ დასჯა მოუნდებათ, იმის გამო, რომ საქართველომ გამოიჩინა ურჩობა, არ დაემორჩილა როგორც კოლონია მეტროპოლიის დიქტატს. შესაძლოა, გარკვეული ზიანის მომყენებელი ქმედებებიც ვიხილოთ, თუმცა ვერაფერი ისეთი ეგზისტენციალური ვერ მოხდება, იმასთან შედარებით, რაც გველოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვებოდა. 2025 წელი იქნება მნიშვნელოვანი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებისთვისაც. დაიწყება საუბრები, რაც გააჩენს მყარ საფუძველს, რომ აფხაზები და ოსები დაფიქრდნენ დანარჩენ საქართველოსთან შერიგებაზე. ამის მზაობას მე ვხედავ განსაკუთრებით რუსეთის ინტელექტუალურ წრეებში. ამ პოზიციაზეა ისეთი დიდი ქვეყანაც, როგორიც ჩინეთია, ის აბრუნებს საქართველოში “დიდი აბრეშუმის გზის” ერთ-ერთ შტოს, რომელიც 500 წელია საქართველოში უკვე აღარ არის.

– რამდენად ქმნის ყველა ის დიდი პროექტი საქართველოსთვის წინაპირობას, რომ გახდეს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს დასავლეთის ინტერესებში?

-ევრაზიის კონტინენტზე არსებობს ისეთი სახელმწიფოები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დიდი სავაჭრო მაგისტრალები ოკეანიდან ხმელეთზე გამოიტანონ. სწორედ ამიტომ ჩვენს ტერიტორიაზე გაივლის “დიდი აბრეშუმის გზის” ერთ-ერთი შტო. ეს საკმაოდ დიდი შემოსავლების მომტანი იქნება საქართველოსთვის. დაახლოებით 120-130 მლნ ტონა ტვირთმა უნდა გაიაროს აბრეშუმის გზით, როცა საქართველოში აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აქედან ფისკალური ეფექტი იქნება დაახლოებით 3-4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მომიჯნავე სფეროების განვითარების თვალსაზრისითა და ეკონომიკის სინერგიული და მულტიპლიკაციური ეფექტების გათვალისწინებით ეს შეიძლება 7-8 მლრდ აშშ დოლარზე ავიდეს. ეს არის ხალხის დასაქმება, ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში, ძალიან ბევრი კარგი რამ მოჰყვება ასეთ პროექტებს. ეს არ არის ის, რომ ტრანსპორტმა ჩაიარა და ხელი დავუქნიეთ. ეს არის საინფორმაციო და საფინანსო ტექნოლოგიების შემოსვლა, მომსახურების სფერო, მანუფაქტურა, წარმოება და ათასი სხვა რამ ახლავს ამას. რომელიმე მსოფლიო ძალას თუ არ სურს ეს პროექტი განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ყურადღებით მოვისმენთ რას შემოგვთავაზებს ამის ალტერნატივად.

– რა ვარაუდები გაქვთ?

– თეორიულად შესაძლებელია მაგალითად, შემოგვთავაზონ საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი, ისეთივე, როგორიც ჰონგ-კონგია, ან როგორიც არის საფონდო ბირჟა ვარშავაში, ფრანკფურტში თუ ლონდონში. ესეც სავსებით შესაძლებელია, თუმცა იდეალური იქნება, თუ ერთიც განხორციელდება და მეორეც, იმიტომ, რომ რეგიონში უზარმაზარი ფული ტრიალებს და აზიის ქვეყნები უარს არ იტყოდნენ, თუ მისი განთავსების პლატფორმა იქნებოდა ყველასთვის მისაღები. საქართველო სწორედ შეიძლება ასეთ ადგილად იქცეს, სამოთხე კაპიტალისთვის, რომლის 2-3%-ს საქართველო გამოიყენებს სესხის სახით თავისი ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ეროვნული ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. სწორედ ეს გააკეთა შვეიცარიამ, როცა საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული კაპიტალის 4%-ს ახმარდა, სესხის სახით, თავის ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ეს გზა შესაძლებელია ჩვენც გავიაროთ, ყურადღებით მოვისმენთ მსოფლიო ფინანსური ცენტრების ვერსიებს ამის თაობაზე, მაგრამ ასევე, ეს შეიძლება ჩინეთმაც შემოგვთავაზოს. ჩვენთვის ახლა არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი, მრავალ პოლარული სამყარო უკვე დაიბადა. მცირე ქვეყნებისთვის ასეთ სამყაროში გაცილებით მომგებიანია ცხოვრება, იმიტომ, რომ გვაქვს ბალანსის საშუალება. საბოლოო მიზანი კი უნდა იყოს, ის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისეთნაირად მოვაწყოთ, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვქონდეს კარგი, ნორმალური და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები. ეს ეხება ევროპასაც, ჩრდილოეთსაც, სამხრეთსაც და აღმოსავლეთსაც, ასევე, ოკეანის გაღმა ჩრდილოეთ ამერიკასაც. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არც ერთ მეზობელს არ უნდა დაემუქროს საფრთხე, არც ტერორისტული, არც სამხედრო. ეს გულისხმობს ასევე, სამხრეთ კავკასიის კოლექტიურ ნეიტრალურ სტატუსს. ჩემი აზრით, საქართველოს ინტერესში არ არის რომელიმე მეგა ეკონომიკურ გაერთიანებებში შესვლა, იქნება ეს ევროკავშირი, ევრაზიის კავშირი, „ბრიქსი“ თუ სხვა. ჩვენთვის უფრო მომგებიანია საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ზომიერი ეკონომიკურ-ინტეგრაციული მოდელი, საერთო ბაზრის ჩამოყალიბებით, რომელიც 17-მილიონიანი ბაზარი იქნება ამ სამ ქვეყანას შორის შრომის ჭკვიანური დანაწილებით. შემდეგ კი, უკვე გარე აქტორებთან პოზიციონირება.

– აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი ფულადი ერთეული საქართველოში უკვე არსებობდა საბჭოთა ანექსიამდე და შემდგომაც მცირე დროით იარსება. გლობალური პროექტები და შორს მიმავალი პერსპექტივები კარგია, მაგრამ მოსახლეობას აინტერესებს მათი კეთილდღეობა იყოს იმ საერთაშორისო რეიტინგების შესატყვისი, სადაც საქართველოს ეკონომიკური წინსვლა არის გამოსახული. როგორ ხედავთ ეროვნული წარმოების განვითარების პერსპექტივებს?

-ის, რომ საქართველოს მოქმედ მთავრობას ესმის ადგილობრივი მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა, ეს ჩანს იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. რაღაცები შეიძლება დასახვეწი იყოს, მაგრამ ეს პროგრამა არის ძალიან მცირე მასშტაბის. იმისათვის, რომ ჩვენთან სტაბილურად იყოს 3 000-ლარიანი ხელფასი და მინიმალური ხელფასი შეადგენდეს 800 ლარი, რადგან არის სიღარიბის ზღვარი, ემიგრანტები რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, ამისთვის გვჭირდება 3000-ლარიანი ხელფასები და 1 500 ახალი მცირე საწარმო, განსაკუთრებით კვების მრეწველობაში, რომელიც სოფელში დაამაგრებს ხალხს. შეიძლება ფიტო ფარმაცევტიკის განვითარება, სხვადასხვა ქიმიური წარმოება და ა.შ. ჩვენი დათვლებით, საქართველოს 5 წლის განმავლობაში, ყოველ წელს სჭირდება 2 მლრდ-ის ინვესტიცია წარმოებაში, ეს შექმნის დამატებით 200 000 ახალ სამუშაო ადგილს და ქვეყნის ეკონომიკა 5-6 წელიწადში გაორმაგდება. დღემდე ეს იყო შეუძლებელი, რადგან ჩვენ ვიყავით კოლონია. დასავლეთი კოლონიალური ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსის მოდელით გვმართავდა.

 -უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ და როგორ არის დაკავშირებული „ვაშინგტონის კონსენსუსი“ საქართველოსთან?

– „ვაშინგტონის კონსენსუსი“ ეს არის გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი ნეოკოლონიალური მართვის მოდელი, რომელიც შეიქმნა ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის. ის გულისხმობს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ სახელმწიფოს განვითარების ისეთი ინსტიტუტების შექმნას სახელმწიფოების ეკონომიკაში, რომელიც კონკურენციას ვერ გაუწევს განვითარებულ ქვეყნებს. მსოფლიოში დღეს თითქმის ყველაფრის ჭარბწარმოებაა, არავის სჭირდება კონკურენტი. ჩვენ შემთხვევაში კლასიკური მაგალითია ის, თუ როგორ გაუნადგურეს საქართველოს ჩაის მრეწველობა. ჩამოვიდა ერთ-ერთი ფირმა – „მარტნი ბაუერი“, იმიტაცია გააკეთა თითქოს რაღაცას აკეთებდა. სწორედ იმ წლებში გავერანდა ჩაის პლანტაციები. არადა საქართველოს ჩაის ინდუსტრია ინდოეთის, ცეილონისა და კენიის შემდეგ ერთ-ერთი დიდი იყო მსოფლიოში.

-ასევე ქართული აბრეშუმი, ღირსეულ კონკურენციას უწევდა ჩინურ აბრეშუმს…

– ქართული აბრეშუმი მსოფლიოს საუკეთესო აბრეშუმების სამეულში შედიოდა. თუ კარგად მახსოვს 40 000 ჰექტარზე იყო გაშენებული თუთის ხეები, მაგრამ 80-იან წლებში, უცებ, რაღაც პარაზიტი შეესია და გახმა. აზერბაიჯანმა ეს აღადგინა, 8 000 ჰექტარზე გააშენეს და უკვე 10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე აქვთ თუთის ხეები გაშენებული. აბრეშუმი საკმაოდ რენტაბელური კულტურაა. ბევრი მიმართულებაა ასეთი. ჩვენ მრეწველობის გამოცდილებაც გვაქვს, შეგვიძლია მინიტრაქტორების წარმოება ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე, გემთმშენებლობა შეგვიძლია, თევზჭერის განვითარება შეგვიძლია, თუნდაც ავიაცია. „ღია ცის პოლიტიკა“ აქვს ქვეყანას გამოცხადებული და 6-8 სამგზავრო ხომალდია საქართველოში. რეალურად, საქართველოს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 30 ხომალდი, რაც ნიშნავს ავიაციის პილოტების მომზადებას, სკოლის განვითარებას, რაც უკვე მაღალი ტექნოლოგიებია. ეს ყველაფერი გასაკეთებელია. ამას ზომიერი პროტექციონისტული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, დასჭირდება, ასევე, იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები, რაც შეიძლება ერთი ბრძანებით გადაწყდეს. მაგალითად, უკრაინის ყოფილმა პრემიერმა მიკოლა აზაროვმა თავის დროზე მიიღო დადგენილება და კომერციული ბანკები დაავალდებულა მთელი საკრედიტო პორტფელის 40% მიემართათ მრეწველობის დასაკრედიტებლად. უკრაინული მრეწველობა მაშინ ბუმს განიცდიდა. შემდეგ ეს კონკურენტებს არ მოეწონათ და უკრაინა რა დღეშიც არის, ვხედავთ.

– იდეალურ სურათს ხატავთ, გვყავს კი ყველა ამ სფეროს სპეციალისტები დღეს საქართველოში?

– არიან სპეციალისტები, არავის ეგონოს, რომ არ არიან. საამისო ცოდნა და გამოცდილება არის, ამის ისტორიული დოკუმენტები არის. ხუთწლედის გეგმები რომ გააანალიზო და მათი მოდერნიზება გააკეთო დღევანდელ პირობებში, ეს ყველაფერი გამოვა სულ რაღაც 5-6 წელიწადში. დღეს ქარხნის ჩადგმა აღარ არის დიდი პრობლემა. მზა ხაზები იყიდება. იგივე იქნება გასაკეთებელი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აფხაზეთში 10 მლრდ-იან პროექტს განახორციელებს, რაც ნიშნავს აფხაზეთის აყვავებას და მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ და სწრაფად განვითარებას რეგიონად გადაქცევას.

– აფხაზეთთან ურთიერთობების მოგვარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთანაც აკავშირებენ სფეროს ექსპერტები, თქვენ როგორ ხედავთ სამშვიდობო პროცესში ამ პროექტის მომავალს?

– ანაკლიის პორტი იქნება სერიოზული მოტივატორი მთელი რეგიონისთვის, მთელი დასავლეთ საქართველოსთვის. გარდა იმისა, რომ აბრეშუმის გზას სჭირდება სასაწყობე მთელი ინფრასტრუქტურა და განვითარდება აღმოსავლეთ-დასავლეთ ვექტორი, ამასთანავე, შტოებს შორის ვერტიკალური გზებიც უნდა განვითარდეს, რასაც ითხოვს ჩინეთი, რომ გაიხსნას აფხაზეთის გზა და მოგვარდეს კონფლიქტი, მოგვარდეს ცხინვალის კონფლიქტი და გაიხსნას როკი გვირაბი, რასაც შემდგომ შესაძლოა დაუკავშირდეს ინდოეთის ტვირთები. ვიცით, რომ ინდოეთმა ირანთან ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმა ჩაბაჰარის პორტის მართვასთან დაკავშირებით. ინდოეთი-ირანი-სომხეთი-საქართველო შემდეგ შავი ზღვა ევროპისკენ, ან რუსეთისკენ აფხაზეთისა და როკის გვირაბის გავლით შესაძლებელია კიდევ დამატებითი ავტომაგისტრალის აშენება. ინდოეთს ევროპასთან აქვს 60 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა. საზღვაო მარშრუტები ევრაზიის სახელმწიფოებისთვის აღარ ხდება სანდო, გამომდინარე იქიდან, რომ ანგლოსაქსური სამხედრო-საზღვაო ფლოტები აკონტროლებენ საოკეანო მარშრუტებს. მსოფლიო ტურბულენტობაშია შესული, მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება არ არის იოლი საქმე. შესაძლოა, ძალიან მალე ვიხილოთ მწვავე დაპირისპირება აშშ-ს და ჩინეთს შორის, რომელიც ძირითადად წყნარი ოკეანის აუზში იქნება, თუმცა დაძაბულობები შეიძლება იყოს ინდოეთის ოკეანეშიც, სპარსეთის ყურეშიც, სუეცის არხთან დაკავშირებითაც. აგერ, პანამის არხთან დაკავშირებით უკვე არის. ტრამპი ითხოვს პანამისგან კონტროლი დაუბრუნდეს აშშ-ს. ბევრი საინტერესო გეოპოლიტიკური მოვლენის მომსწრენი ვიქნებით 2025 წელს, მაგრამ მთავარი მინდა ვუსურვო საქართველოს, უკრაინას, ევრაზიის კონტინენტს – მშვიდობა.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ უკრაინის ომის ე.წ. პოზიტიურ გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაში, რაც გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა დაგვაყვედრა, – ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდას უკრაინაში ომს უნდა უმადლოდეთო (პერიფრაზირებას ვახდენ). რას იტყვით, ამ, ცოტა არ იყოს უხერხულ შეფასებაზე?

– რაღაც გავლენა 2022 წელს ჰქონდა, მართლაც, მაგრამ ეს არ აღემატებოდა 1-2%-ს, შემდეგ უკვე, პირიქით, სწორედ ამ ომის გამო მოიკლო საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა. ჩვენს ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს უკრაინის კონფლიქტი, მხარეებმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ, იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი ცუდ დღეშია ახლა და ძალიან თანავუგრძნობ, მილიონობით უკრაინელია გასული ქვეყნიდან. პირიქით, უკრაინის ომი თუ გაჩერდება, საქართველოს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა ექნება. გერმანიას რაც შეეხება, ზოგადად ამ უცხოელი პოლიტიკოსების გამოსვლების მიმართ იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ. დასავლეთში პოლიტიკური კლასის საოცარი დეგრადაცია მოხდა, ეს სპეციალურადაც არის გაკეთებული, უტვინო პოლიტიკოსებს აწინაურებენ, იმიტომ, რომ ადვილად მართონ მათმა პატრონებმა. გერმანია არაპრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, მიიღეს კიდეც შედეგი – მესამე წელია გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშია. საფრანგეთის ეკონომიკამაც კი, ამის გამო დაიწყო შემცირება. გერმანიამ უარი თქვა ატომურ ენერგიაზე, მზის პანელებითა და ქარის ენერგიით მრეწველობა როგორ უნდა დაიჭირონ, წარმოუდგენელია. შესაბამისად, ინდუსტრიული კაპიტალი გერმანიიდან გარბის. გერმანია არის ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივი. გერმანია წაიყოლებს დანარჩენ ქვეყნებს. ამ პროცესის გაყოლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ მოუდნებათ. ჩვენ ვხედავთ უნგრეთი როგორ იბრძვის თავისი სუვერენიტეტისთვის და ყვავებივით კორტნიან ლიბერალური ძალები ყველა მხრიდან. ასევე, სლოვაკეთში, პრემიერ-მინისტრს პირდაპირ მოკვლა დაუპირეს. რუმინეთში არჩევნები მოიგო მშვიდობის მხარდამჭერმა კანდიდატმა და საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის მოგება ჩამოართვა. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ხალხს დაავიწყდება. საერთოდ. ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც სუპერმდიდრებმა შექმნეს იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეინარჩუნონ სიმდიდრე და კიდევ უფრო გამდიდრდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და მეზობლების ხარჯზე. ჩვენთანაც ხეირობს ევროკავშირი, ისეთი ურთიერთობები დაალაგა ვაჭრობაში, შრომის რესურსებში. ჩვენს იაფ მუშა-ხელს იყენებს თავის ეკონომიკაში, ამიტომაც მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია. მათი საბანკო კაპიტალი 3-ჯერ მეტ მოგებას ნახულობს საქართველოში ქართველი ხალხის ყვლეფით, ვიდრე ევროპაში. საქართველოში საბანკო კაპიტალის რენტაბელობა არის 23% , ხოლო ევროპაში 7-8%. ჩვენ ევროპისგან ყოველთვის ველოდებოდით იაფ და გრძელვადიან საკრედიტო რესურსებს, სამეცნიერო და სამრეწველო ტექნოლოგიებს, უკეთეს ჯანდაცვას, განათლებას, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოდის. მოდის ლობირება იმის, რომ ნარკოლიბერალიზაცია გავაკეთოთ, მოდის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის ინდოქტრინაცია, განათლების სისტემა საერთო გაანადგურეს, დღეს განათლების მხოლოდ იმიტაციაა საქართველოში. ერთი სიტყვით, თანამშრომლობის ასეთი მოდელი არ მუშაობს, არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და ვითხოვთ, რომ ყველაფერი გადაიხედოს და დალაგდეს ახალი ურთიერთობები, რომელშიც საქართველოს ინტერესებიც იქნებ გათვალისწინებული.

ასევე იხილეთ