გელა ფოცხიშვილი: ჩემი დასის წევრები მუხლებ და ცერებ გადაგლეჯილი იცავენ საქართველოს კულტურას, ეს არის ჩემი ცხოვრების პოზიცია, რომელიც დაბადების დღიდან დღემდე მომდევს და დღეს მე პოზიცია არ შემეცვლება ჩემი ქვეყნის სიყვარულში
„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი“, გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილი გმობს ძალადობას, მათ შორის, ეს იქნება ბულინგი სოციალურ სივრცეში, გარეთ, სახლში ან ნებისმიერ სივრცეში.
მისი თქმით, ისიც ძალადობაა, როდესაც მას სწერდნენ, შეეწყვიტა გასტროლები და აიძულებდნენ ამის გაკეთებას.
ასევე, ფოცხიშვილი ოპოზიციასაც და მთავრობასაც მოუწოდებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ ის, რომ ორივე მხარეს დიდი არტისტები დგანან და არ არის კარგი, როდესაც კოლეგას კოლეგა უპირისპირდება.
„ძვირფასო ჩემო საყვარელო ქართველებო! ბევრი მწერს, ჩემი აზრი გამოვთქვა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იმასაც მწერდნენ, რომ შემეწყვიტა ევროპული ტურნე…
მინდა ვუთხრა ყველას, მე ჩემი აზრი, შეგრძნება, შეგნებული ცხოვრება, და ყველა წამით ვემსახურები ქართველ ერს! მე დღეს არ გამოვთქვამ ჩემს აზრს და ქმედებებს ჩემი ქვეყნის სიყვარულში, მე და ჩემი ოჯახი მთელი სიცოცხლე ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამას ვაკეთებთ ჩუმად სიტყვების და ყვირილის გარეშე! თუ ვინმეს განუცდია რეპრესიები თავის სფეროში ბოლო 60 წელია ეს ჩვენი ოჯახია, მაგრამ არასდროს არ დაგვიყრია ფარ-ხმალი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში, ეს იქნებოდა ევროპული ღირებულებები თუ სხვა ღირებულებები, რაც ჩვენს სამშობლოს მოუტანდა კეთილდღეობას ჩვენი მცირე შესაძლებლობების შედეგად! დღეს ჩემი დასის წევრები მსახიობები – მოცეკვავეები მუხლებ და ცერებ გადაგლეჯილი იცავენ საქართველოს კულტურას და აცნობენ კიდევ ერთხელ საქართველოს მთელ მსოფლიოს! მადლობა მათ ამისთვის!
ეს არის ჩემი ცხოვრების პოზიცია რომელიც დაბადების დღიდან დღემდე მომდევს და დღეს მე პოზიცია არ შემეცვლება ჩემი ქვეყნის სიყვარულში! რასაკვირველია ყველა ძალადობა, ეს იქნება ბულინგი სოციალურ სივრცეში, გარეთ, სახლში ან ნებისმიერ სივრცეში, ორივე და ნებისმიერი მხრიდან, არის დასაგმობი და მე ვთვლი, რომ ისიც ძალადობაა, როდესაც მწერდით, შემეწყვიტა გასტროლები და მაიძულებდით ამის გაკეთებას….! არ განვავრცობ ამ თემას იმიტომ, რომ საქართველოში მხარე არ უნდა არსებობდეს, ჩვენ ვართ ერთნი და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი! გთხოვთ ყველას, ოპოზიციასაც და მთავრობასაც, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ ის, რომ ორივე მხარეს ჩვენი სისხლი და ხორცი დგას! ორივე მხარეს დიდი არტისტები დგანან და არ არის კარგი, როდესაც კოლეგას კოლეგა უპირისპირდება…!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მიყვარხართ თქვენი გელა ფოცხიშვილი“, – წერს გელა ფოცხიშვილი.